ბიზნესი
07/12/2020

PODIUM: “მომხმარებელმა ფულის დაზოგვა დაიწყო“

სილამაზის სალონების ქსელი PODIUM-ის  ხელმძღვანელი  ნელი ავოლოვი „ბიზნესპაერტნიორთან“ აცხადებს, რომ მომხმარებლის რაოდენობა 80%–ით შემცირდა.

 „მომხმარებელი აღარ ხარჯავს ფულს ისე, როგორც მანამდე,პანდემიამდე. ახლა ფულის დაზოგვა დაიწყეს. იკეთებს მხოლოდ აუცილებელ პროცედურებს და არა ვთქვათ სადღესასწაულოს, რაც გასაგებია. არის უკმაყოფილება თუ რატომ დატოვეს სალონები შეზღუდვების გარეშე. როგორც სალონის მეპატრონე, ვფიქრობ, რომ ღია სალონები სტილისტების სახლში სიარულს აგვარიდებს. სპეციალისტი, რომელიც დღეში რამდენიმე კლიენტთან მიდის და ატარებს კონკრეტულ პროცედურას, რისკის შემცველია. სალონში სამედიცინო დანადგარებია და ხდება ყველაფრის სტერილიზაცია, ზედაპირების სითხით დამუშავება, სამედიცინო პირბადის დღეში 4–5 ჯერ გამოცვლა და ა.შ. რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და კონკრეტული პიროვნება ამას ვერ უზრუნველყოფს.“– აღნიშნავს ნელი ავოლოვი.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში კადრების შემცირება არ მომხდარა და „პოდიუმის“ 3 ფილიალში  80 თანამშრომელი მუშაობს.

როგორც ნელი ავილოვი აცხადებს,  კომპანია მიდის ზარალზე, აქვს საბანკო ვალდებულებები თუმცა, აგრძელებს მუშაობას გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ სამსახურით და მინიმალური ხელფასით მაინც.

„თანამშრომლების შენარჩუნებას ერთობლივი ძალებით ვცდიოლობთ. ყველაფერი კონტროლდება და მივესალმები ამას. როდესაც ჩვენ და ბევრი სხვა სალონი ყველა წესის დაცვით ვმუშაობდით, იყო სალონები, სადაც რეგულაციები ირღვეოდა. შემოწმება კარგია, მაგრამ უფრო მეტად გამკაცრება არა. დამატებითი ბარიერებიც გავაკეთეთ, არამგონია სალონები ვირუსის გავრცელების წერტილი იყოს.“– აცხადებს ნელი ავილოვი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. შეზღუდვები არ შეეხო სილამაზის სალონებს. 

Businesspartner