ბიზნესი
11/09/2021

პირბადეების შემდეგ, Amazon-ზე Spilow-ს ბრენდის საბავშო ტანსაცმელიც იყიდება

საბავშვო სამოსის ბრენდ Spilow-ს თანადამფუძნებელი ტასო ჯაფარიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიას ნეგატიური გავლენა საბავშო სამოსის ბიზნესზეც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, Spilow-ს მოუწია, პანდემიასთან ადაპტაცია და პირბადეების წარმოება დაიწყო.

ჯაფარიძის ინფორმაციით, კომპანიამ პირბადეების რეალიზაცია ბრიტანულ Amazon-ზე 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი იყო. Spilow-ს პირბადეები მალე გახდა პოპულარული და Amazon’s Choice სტატუსი დაიმსახურა. ბრიტანულმა ონლაინ გამოცემამ The Sun "სპილოუს" პირბადეები 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეებს შორის Dolce & Gabbana-ს, Gucci-ს, LANVIN-სა და Emilio Pucci-ისთან ერთად დაასახელა.

როგორც Spilow-ს თანადამფუძნებელი აცხადებს, კომპანიამ დაახლოებით 2 კვირაა ასევე ბრიტანულ Amazon-ზე Spilow-ს  საქართველოში წარმოებული ფერადი ტანსაცმელიც (ე.წ დინო ჟაკეტები) გააგზავნა. სპილოუ ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელსაც Amazon-ზე პერსონალური მაღაზია აქვს.

„ამ დროისთვის  შეფასებები  ძალიან მაღალი გვაქვს, ვაკვირდებით გაყიდვების დინამიკას და მალე არჩევანს უფრო მეტად გავამრავალფეროვნებთ,“ - აცხადებს ჯაფარიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიამ პანდემიის დროს დახურა მაღაზია და 100%-ით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა.

„ერთი მხრივ, პანდემიამ თითქმის ყველა ბიზნესი შეგვაფერხა, თუმცა ონლაინ გაყიდვებში გარკვეული პოზიტიური გავლენა ჰქონდა. თუ ადრე მომხმარებელს ერჩივნა მაღაზიაში მოსულიყო, ახლა უპირატესობას ონლაინ შესყიდვას ანიჭებს,“-აცხადებს ჯაფარიძე.

მისი განცხადებით, კომპანია ახალ კოლექციაზე მუშაობს, რომელსაც იანვარში საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებზე წარადგენს.