ბიზნესი
11/12/2020

“პანდემიის მიუხედავად, ღვინის ექსპორტში სავარაუდოდ, მატება გვექნება“ - KTW ჯგუფი

პანდემიის მიუხედავად ღვინის ექსპორტში სავარაუდოდ, მატება გვექნება, - ამის შესახებ „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.ზურაბ ჩხაიძის პროგნოზით, მატება რაოდენობრივად 10%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა კლებაა საექსპორტო ღვინის ფასზე.

„მსოფლიო ეკონომიკა ყველასთვის ერთია. რა თქმა უნდა, ფასებს ჩვენ ავუბით მხარი, რადგანაც ვერ შევაჩერებდით გადატვირთვებს. „დისქაუნთირება“  ცხადია მოხდა, დაახლოებით,  15%-ის ოდენობით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. თუ გავითვალისწინებთ,  წელს გადამუშავებული ყურძნის ფასსაც, სადაც სახელმწიფომ დროული, წერტილოვანი დახმარება გააკეთა, ყურძნის ფასთან დაკავშირებით და გამოაცხადა სუბსიდირება მევენახესთან ურთიერთობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელსაც გვაქვს საშუალება კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენელდება ექსპორტი და შენელდება სავალუტო შემოდინებებიც“ , - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

KTW-ს დამფუძნებელმა ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარებაც შეაფასა. მისი თქმით, ძირითადი დარტყმა ღვინის ინდუსტრიას ტურიზმის რადიკალურმა ვარდნამ მოუტანა, რადგანაც კვლევებიც აჩვენებდა, რომ ტურისტების 73% აიტერესებდა ახალი ღვინო.

„ქართული ღვინი ძირითადად იყო მიბმული ტურიზმსა და ტურისტების ნაკადზე.  ამის ვარდნა მოხდა,  რამაც ძირითადად, სამწუხაროდ საშუალო და მცირე საწარმოები დააზარალა.  დიდ კომპანიებსაც დაარტყა, მაგრამ მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ დივერსიფიცირება მოახდინონ. ცხადია, ბაზარზე ზოგადად,  „დისქაუნთირებულია“ ფასი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, ახალი ბაზარების ათვისებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სანედლეულო ბაზის განახლებაა საჭირო, რისთვისაც ინვესტიციები ხორციელდება.

 

 

Businesspartner