პანდემიის გავლენა სააავტომობილო ბიზნესზე - როგორ შეძლო Autopapa-მ COVID-რეალობასთან ადაპტირება
20 000 დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილების გაყიდვა, ფაქტობრივად, შეწყვეტილია, მოთხოვნა უფრო მეტად საშუალო სეგმენტის ავტომობილებზე მოდის, რომელთა ღირებულებაც 5-დან 10 000 დოლარამდე მერყეობს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" რუსთავის ავტობაზრობა Autopapa-ში განუცხადეს.
კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიამ როგორც სხვა ყველა სექტორი მათი სფეროც დააზარალა და ავტოგაყიდვებში ახალი მოთხოვნილებები გააჩინა.
„საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ავტობიზნესზე იმოქმედა ძალიან უარყოფითად. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო გაზაფხულზე - როდესაც კარანტინი იწყებოდა. ეს გამოიწვია იმან, რომ უცხოელ მყიდველთა უდიდესი ნაწილი მიჩვეულია, თავად ესტუმროს საქართველოს და შეარჩიოს მისთვის სასურველი ავტომობილი. ამ ეტაპზე ამგვარი შესაძლებლობა არ არის. ამის გამო, მოგვიწია გაყიდვების ტექნოლოგიის სრული გადაწყობა: მაგალითად, დავიწყეთ უკრაინელი კლიენტების დისტანციური მომსახურება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, უკვე ივლისში მივაღწიეთ იმ დონეს, რომელიც გვქონდა თებერვალში - კარანტინამდე - საქართველოდან უკრაინაში მოხდა დაახლოებით 1 000 ავტომობილის ექსპორტი და რეექსპორტი. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია ნოემბერ-დეკემბერში,“- აცხადებს Autopapa-ს გენერალური დირექტორი ევგენ უსტინოვი.
Autopapa-ს შეფასებით მთავარი პრობლემა მობილობის შეზღუდვის გარდა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაა. ამის მიუხედავად, კომპანიამ ახალ რეალობასთან ადაპტირება და გარკვეულწილად გაყიდვების დაბალანსება შეძლო.
„ავტობაზრობა Autopapa-ს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების, საქართველოს მოქალაქეების გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა. ჩვენი კლიენტების მხარდაჭერის მიზნით, შევამცირეთ პარკირების საფასური: მაგალითად, კარანტინამდე პარკირების ტარიფი შეაგდენდა 25 ლარს დღეში, დღეს კი 1 ლარია დღეში. გარდა ამისა, სრულიად გადავაწყვეთ გაყიდვების ტექნოლოგია, ფაქტობრივად ნულიდან ჩამოვაყალიბეთ დისტანციური გაყიდვების განყოფილება, დავიქირავეთ ახალი თანამშრომლები, გადავამზადეთ ისინი, ჩავატარეთ მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიებები.
მაგალითად, დღეს უკრაინის მოქალაქეს შეუძლია შეიძინოს ავტომობილი საქართველოში სახლიდან გაუსვლელად. ავტომობილის ყიდვის პროცესი 100%-ით ორგანიზებულია დისტანციურად, დაწყებული შერჩევისა და გაფორმების პროცედურით, დამთავრებული პორტში ტრანსპორტირებით, შემდგომ უკრაინაში ბორნით გაგზავნის მიზნით,“ - ამბობს ევგენ უსტინოვი.
მიუხედავად დანერგილი ონლაინ გაყიდვებისა Autopapa-ში უჭირთ პროგნოზირება როდიდან დაუბრუნდება გაყიდვები ძველ მაჩვენებლებს. კომპანიაში მოლოდინები პოზიტიური აქვთ და იმედს იტოვებენ, რომ 2021 წლიდან სიტუაციის დასტაბილურება იქნება შესაძლებელი. იმედებს Autopapa-ში ბაზრობის დროულ გახსნაზე ამყარებენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის დაანონსების შემდეგ დილერებმა საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს და ბაზრობის გახსნისთანავე ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
რუსთავის ავტობაზრობა განთავსებულია თბილისი - წითელი ხიდის მაგისტრალურ გზაზე, რომელიც აკავშირებს საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან. ეს არის ყველაზე დიდი და თანამედროვე ავტობაზრობა კავკასიაში, რომლის ფართობი 225 000 კვ. მეტრია.
ცნობისთვის ღია ტიპის ბაზრობების გახსნა მთავრობამ 15 თებერვლიდან დაანონსა, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაკორექტირდეს.