ბიზნესი
28/09/2021

პანდემიის გამო Gtex Group-მა 5 ობიექტი დახურა

Gtex Group-ს, რომლის შემადგენლობაში ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის ცნობილი ბრენდები OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი შედის, პანდემიის გამო  5-მდე ობიექტის დახურვა მოუწია.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ზაფხულის პერიოდში გაყიდვების მაჩვენებლები შედარებით გამოსწორდა, თუმცა კომპანია მაინც გადარჩენის რეჟიმში მუშაობს.

„ქამრები გვაქვს შემოჭერილი. დავხურეთ ისეთი ობიექტები, რომლის ეფექტიანობაც დაბალი იყო. ამ ეტაპისთვის კომპანიას საქართველოს მასშტაბით  27 ობიექტი აქვს,“ - განმარტავს ბასილაძე.

Gtex Group-ის ხელმძღვანელი რეალიზაციის მაჩვენებელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას 2019 წელთან შედარებით ზოგიერთი ბრენდის შემთხვევაში ზრდაც ფიქსირდება. საშუალოდ, კომპანიას გაყიდვების თვალსაზრისით დაახლოებით ის მაჩვენებელი აქვს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი.