ბიზნესი
29/09/2021

პანდემიის ფონზე შრომითი დავების რაოდენობა გაიზარდა

პანდემიის ფონზე შრომითი დავების რაოდენობა გაიზარდა.

პროფკავშირების ინფორმაციით, საშუალოდ მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით პანდემიის პერიოდში 25%-ით არის გაზრდილი. უწყებაში ფიქრობენ, რომ რაიმე მექანიზმის შემუშავების გარეშე ვითარების ასე გაგრძელება ან სასამართლოს გადატვირთვას გამოიწვევს ან პროცესები წლობით გაგრძელდება. სპეციალისტების აზრით, აუცილებელია არსებობდეს ალტერნატიული მექანიზმი, რომლითაც ყველა დავა სასამართლოში გაგზავნამდე შუალედურ ინსტანციას გაივლის, სადაც იქნება მხარეებს შორის მედიაციის შესაძლობლობა.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის სწორედ შრომითი სასამართლოები. მესმის, რომ შეიძლება მოსამართლეების ნაკლებობაა, პრიორიტეტები სხვადასხვანაირად ნაწილდება, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის ამის პრაქტიკა და პროფკავშირების ინიციატივაა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს წარუდგინოს პროექტი. შრომითი სასამართლოს განხილვის ვადა არ უნდა სცდებოდეს 1 ან 2 თვეს და როგორც მინიმუმ უმანტიო მოსამართლეები მაინც იყოს, ეს იყოს ავტორიტეტული ინსტიტუტი, რომელიც დამსაქმებელს და დასაქმებულს რეკომენდაციის დონეზე მაინც მისცემს ანალიზს იმისას ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ეს ყველაფერი კი იმისთვის რომ წლობით არ გაგრძელდეს სასამართლო პროცესები," - განმარტავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

პეტრიშვილის მსგავსად BDO-ს პარტნიორი დავით გელაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება სასამართლოს შრომითი დავებისგან განტვირთვა.

"ჩვენ გვქონია დავა, რომელშიც დასაქმებული დაობდა თავისი უფლებების დასაცავად და გაჭიანურებული პროცესების გამო, მაქვს განცდა, რომ დასაქმებულმა შუა გზაზე მიატოვა პროცესი. შრომითი დავა ისეთია, რომ დროულად საწიროებს დასაქმებულის წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრას. თუკი ეს გადავიდა 3-4 წელი, ადამიანები როგორც წესი ხშირად არ არიან ამაზე წამსვლელი, არ უღირთ. ამიტომ აუცილებელია და ვეთანხმები, რომ რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური მექანიზმები უნდა გვქონდეს,“ - განმარტავს დავით გელაშვილი.

პროფკავშირები და სხვა იურიდიული კომპანიები კონკრეტულ მოდელზე ჯერ არ შეჯერებულან, თუმცა ყველა მათგანს აქვს ერთიანი პოზიცია, რომ დროულად მოხდეს ყველა მხარის ჩართულობით სახელმწიფოსთან ერთად საჭირო პროცესების წარმართვა.