ბიზნესი
17/11/2020

პანდემიიის პირობებში "კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო გეოგრაფია გააფართოვა

პანდემიიის პირობებში სს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო ქვეყნების სია გააფართოვა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა  ნუგზარ ქსოვრელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ნუსხას დაემატა ინგლისი და ფინეთი. კომპანიამ ამ ქვეყნებში პროდუქცია უკვე გადატვირთა.

ქსოვრელის ინფორმაციით,მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ პარტნიორთან, თუმცა,ეს ახალი ქვეყანა არ არის.

ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, ყვარელში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% საექსპორტოა.მისი ინფორმაციით,ამჟამად „კორპორაცია ქინძმარაულის“ მიერ წარმოებული ღვინოები მსოფლიოს 24 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ „კორპორაცია ქინძარაულის“ წარმოებული ღვინოები "დურუჯი ველის" სასაქონლო ნიშნით იყიდება.

„პანდემიამდე ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ღვინის  20-25%-ს ვყიდდით, თუმცა ახლა ეს მაჩვენებლები შეცვლილია. ქვეყანაში ტურისტები ფაქტობრივად აღარ შემოდიან და ეს გაყიდვებზეც აისახა. შესაბამისად, დღეს კომპანია ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ღვინის 8-10%-მდე ყიდის,“ - აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.

კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში 180  ჰექტარი ვენახი და ამავე ტერიტორიაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია. როგორც ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, ამ დროისთვის „კორპორაცია ქინძმარაული“  25 დასახელების ღვინოს აწარმოებს - წელიწადში 2.5 მლნ ბოთლს. იწარმოება ჭაჭაც.

სს „კორპორაცია ქინძმარუაული“ კახეთში სასტუმრო ტურიზმშიცაა წარმოდგენილი. კომპანია უკვე ფლობს ყვარელში კომპლექსს  „შატო ყვარელს“. სიღნაღში ასევე აშენებს სასტუმროს, რომელსაც 2022 წელს გახსნის.