ბიზნესი
24/07/2020

პანდემიამ "ისი პარის“ გეგმები ვერ შეაფერხა

COVID-ის მიუხედავად პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ განვითარებას არ წყვეტს.

კომპანიამ პანდემიამდე დაწყებული პროექტი დაასრულა და ვაკეში ICI PARIS-ის ფილიალი გახსნა, რომელიც ვიზუალურადაც გამორჩეული და გაუმჯობესებულია. ამავე ფორმატში დაგეგმილია Chanel-ის კაბინეტის გახსნაც.  

„საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება სამხრეთ კავკასიაში Chanel-ის პირველი ავტორიზებული კაბინეტი თავის მოვლის და კოსმეტოლოგიის კუთხით, რომელიც ოქტომბერში უკვე დასრულება. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარაგად იქნება და შევძლებთ ამ მაღაზიის გრანდიოზულად გახსნას“, – ამბობს „ისი პარის“ გენერალური დირექტორი.

მომავალი წლის დასაწყისში კომპანიას დაგეგმილი აქვს ფილიალების გახსნა ზუგდიდსა და თელავში. „ისი პარი“ ყოველთვის ორიენტირებულია გაზრდასა და გაფართოებაზე, უფრო რეგიონალური  კუთხით,“ –  ამბობს მაია პაპალაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალი დაკეტილი იყო, „ისი პარის“ დირექტორის განცხადებით, ვირუსის პირველ ტალღას კომპანია მედგრად შეხვდა და ფინანსური მდგომარეობაც ამ ეტაპზე გამოსწორებულია.

კომპანია ვირუსის განმეორებითი ტალღისთვის აქტიურად ემზადება.

„მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ხარჯებს, ვცდილობთ, რომ ზედმეტი შეკვეთები არ გავაკეთოთ.  მეორე ტალღას ფინანსურად რამდენად გავუძლებთ არ ვიცი, თუმცა ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ვებ–გვერდებისა და სოციალური ქსელების გაუმჯობესებაზე.  პანდემიამ მოიტანა ის, რომ სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში მომხმარებელს შევთავაზებთ ახალ საიტს, რომელიც  სატესტო რეჟიმში ჩაეშვება და  პირდაპირ იქნება დაერთებული  ჩვენს ფინანსურ პროგრამასთან.  ყოველდღიურად, ლაივში შევძლებთ ვნახოთ თითოეული გატარებული ოპერაცია. ასევე,  გვინდა ჩავწეროთ შემეცნებითი ვიდეოები, რითიც უფრო დავეხმარებით მომხმარებელეს ადვილად აარჩიოს სასურველი პროდუქტი, განსხვავებული ფორმატი იქნება  ასევე სოციალურ  ქსელებშიც, სადაც ვიზუალურად დავანახებთ მომხმარებელს რას ვთავაზობთ და ნებისმიერ კითხაზე გავცემთ ამომწურავ პასუხს,“ – მაია პაპალაშვილი.

„ისი პარის“ გაყიდვები პანდემიის პერიოდში საკმაოდ შემცირდა, მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეეძინა სასურველი პროდუქტი, რაც არც ისე მარტივია, როდესაც ეს ეხება კოსმეტიკასა და ფარფიუმერიას.

„ჩვენი ბიზნესი დამოკიდებული იყო ტურიზმზე,  განსაკუთრებით ბათუმში, სადაც მანამდე ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო და ახლა თითქმის 40%–იანი კლებაა, ამის მიუხედავად მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ყველა კადრი, რადგან ჩვენთვის თითოეული მათგანი ძვირფასია და ასეთ სიტუაციაში, როგორც არ უნდა გაგვჭირვებოდა მათ არ მივატოვებდით,“– ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

„ისი პარი“ უკვე მრავალი წელია საქართველოს მოსახეობას მსოფლიოს პარფიუმერულ სიახლეებს სთვაზობს  და ბაზარზე ერთ–ერთი ლიდერი კომპანიაა ამ სფეროში.

 

 

Businesspartner