ბიზნესი
04/02/2021

პანდემია, გაძვირებული ნედლეული და გაუფასურებული ლარი - ავეჯის კომპანიების პრობლემები

1-ლი თებერვლიდან ქართულ ბაზარზე სავაჭრო ცენტრებთან და  ბაზრობებთან ერთად,  ავეჯის სახლებიც გაიხსნა.  

ინდუსტრია ერთ-ერთია, რომელიც პანდემიის გამო რამდენიმე ლოქდაუნმა განსაკუთრებით დააზარალა, გამოწვევის წინაშე დგანან ავეჯის მწარმოებლებიც.   

ამავდროულად პანდემია არ არის ერთადერთი მიზეზი, რამაც  ინდუსტრია დააზარალა. ქართული ავეჯის წარმოებისთვის  საჭირო ნედლეულის   უმეტესობა იმპორტირებულია და ეროვნული  ვალუტის კურსის  მერყეობის  გამო,  ხარჯები გაიზარდა.  

დარგში არსებული კრიზისის მიუხედავად, მწარმოებლების  ნაწილი ქართული ავეჯის საექსპორტო პოტენციალზე  ამახვილებს ყურადღებას.  

კომპანია "სუხეს“ დამფუძნებელი   ,,ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ  კომპანიის ავეჯით ამერიკა და დიდი  ბრიტანეთი დაინტერესდა.

,,ჩვენ ნედლეული ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს. ლარის  გაუფასურების გამო ხარჯები მნიშვნელოვნად გვეზრდება. ამას ისიც ემატება, რომ მსოფლიო ბაზარზე  ნედლეულზე ფასებმა მოიმატა.  ახლა კი ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაც  დამატებით  ტვირთად დაგვაწვა, რამაც  საბოლოოდ  ავეჯის  წარმოება 15%-ით  გააძვირა.

დარგში არსებული კრიზისის მიუხედავად, 2021 წელი ჩვენთვის სასიხარულო  ამბით დაიწყო. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი დაინტერესდა ჩვენი ავეჯით, რომელიც 100%-ით ნატურალური ხის პროდუქტისგან არის წარმოებული.  საქართველოსგან განსხვავებით,  ნატურალურ  ხეზე მოთხოვნა დიდია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის ბაზარზე.  შესაბამისად, ფასიც  მაღალია. აქედან გამომდინარე,  ვეცდებით,  2021 წელს  მაქსიმალურად  ავითვისოთ ჩვენი საექსპორტო  პოტენციალი.  ვაპირებთ წარმოების გაზრდასაც.  თუმცა,  ადგილობრივი ბაზრიდან გასვლას არ ვაპირებთ. ვიმედოვნებ, რომ ავეჯის ინდუსტრიაში არსებული პრობლემები საქართველოში თანდათან მოგვარდება,“  - განაცხადა  ზუკა ნემსაძემ.

ავეჯის  მწარმოებელების  მსგავსად,  პრობლემები აქვთ ავეჯის სახლებსაც.

სავაჭრო  ცენტრ  ,,საბას“  დირექტორის პაატა კაჭარავას თქმით,  კომპანიის ზარალი  ამ ეტაპისთვის  6  მილიონ ლარს აღწევს. სავაჭრო ცენტრს შემცირებული აქვს შემოსავლები, რადგან ადმინისტრაციის  გადაწყვეტილებით, ახალი წლის შემდეგ  ,,საბას“  მოიჯარეები  იჯარის გადასახადს არ იხდიდნენ. ავეჯის ინდუსტრიაში არ  გაამართლა არც ონლაინ ვაჭრობამ

,,იმის მიუხედავად, რომ ,,საბამ” ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა შექმნა,  ავეჯის ელექტრონულად შეძენის თითქმის არცერთი განცხადება არ გაკეთებულა. დიდი მოლოდინი არც გვქონდა,  ვინაიდან  თუ მომხმარებელმა ადგილზე არ შეამოწმა და დაათვალიერა პროდუქცია, შეძენის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ონლაინ ვერ მიიღებს. იმის მიუხედავად, რომ მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი  ჩვენი პრობლემები,  მათ  ჯერჯერობით არ გაუთვალსიწინებიათ ჩვენი თხოვნა ფინანსური  ვალდებულებების შემსუბუქების თაობაზე,“ - განაცხადა კაჭარავამ.

Businesspartner