პაატა ტრაპაიძე: სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ პროექტები 40%-ით გაგვიძვირა
კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდის შედეგად შექმნილ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მკვეთრად გაძვირდა მასალები, რაც ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კუთხით მომუშავე კომპანიებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს. სირთულეს ტენდერების შედეგად დადებული ხელშეკრულებები ქმნის, რომელიც ეროვნულ ვალუტაშია დაფიქსირებული.
„ის ტენდერები, რომელიც გასულ წელსაა მოგებული და ხელშეკრულებაც გაფორმებული, იქ დაფიქსირებულ ფასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაგვიძვირდა პროექტის ღირებულება.
პრობლემა კი აქ იქმნება, რადგან სახელწმიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში გადაზღვევის საშუალება არ არის, არ არის გათვალისწინებული სავალუტო კურსთა შორის შესაძლო სხვაობაც,“ - აცხადებს ტრაპაიძე.
მეორე პრობლემა, რომელსაც ინდუსტრია აწყდება, დასაქმებულების მიერ ხელფასის ზრდის მოთხოვნაა. ტრაპაიძე აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში კომპანიისთვის ესეც დამატებითი ხარჯია, რაც საკმარისზე დიდი წნეხია.
„ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რომ ხელშეკრულება დოლარში გვაქვს, აქედან გამომდინარე, ასე თუ ისე, ვუმკლავდებით სიტუაციას, სხვები რას შვრებიან არ ვიცი. დოლარით დაფინანსებულ ყველა კონტრაქტში არის ფასების ფიქსირება, ანუ ხდება ფასების გადაზღვევა, სახლემწიფოს მიერ დაფინასნებულ ტენდერებში მსგავსი რამე გათვალისწინებული არ არის,“ - აცხადებს ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, სამშენებლო მასალების გაძვირებაზე რამდენიმე დღის წინ "ბიზნესპარტნიორთან" დეველოპერული კომპანია "ივერონის" დამფუძნებელმა არჩილ ჯაყელმაც ისაუბრა.
„არმატურის ფასები გასამმაგდა, მაგალითად, ახალი სამშენებლო ფანერა თუ ღირდა 90-100 ლარი, ახლა 170-200 ლარია. ის დრო აღარ არის, ყველა რომ აშენებდა, ახლა 6 თვეში სამუშაოების შესრულება შეიძლება სახვეწარი გახდეს იმდენად გაძვირებულია ყველაფერი და ისეთ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ ასე გაგრძელდა და მშენებელს სურვილი აღარ ექნება მშენებლობა დაიწყოს, ამას თუ ნებართვების გართულებული გაცემა და რეგულაციები დაემატება, მოიკლო მშენებლობის ტემპმა, მერწმუნეთ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით,“ - აცხადებს ჯაყელი.