ბიზნესი
05/10/2023

"ოტიას ეზო" ფართოვდება - კომპლექსის ტერიტორიაზე ₾60 000-მდე ინვესტიცია ხორციელდება

საოჯახო მეურნეობა "ოტიას ეზო" ფართოვდება.

როგორც მეურნეობის დამფუძნებელი, ოტია იოსელიანი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპლექსში იმერული მარნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს ერთ თვეში ამოქმედდება.

მისივე ინფორმაციით, მარანი სასტუმროს მიმდებარედ შენდება და მასში დაახლოებით 50 000-60 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 

რაც შეეხება ღვინოს, იოსელიანის ცნობით, ცუდი მოსავლის გამო ღვინის რამდენიმე დასახელების წარმოება საერთოდ შეჩერდა, ამჟამად კი კომპანია ცოლიკაურს, ოცხანურ როზესა და ოცხანურ წიწვს აწარმოებს. 

"ბოლო ერთი წელია ექსპორტზე ღვინო აღარ გაგვიტანია, რადგან ამ ეტაპზე ჩვენთვის ადგილობრივი ბაზარი უფრო მიმზიდველია. ამასთან, მარანის მშენებლობა  თითქმის დასრულებულია, დაახლოებით ერთი წელია ღვინოს ვაძველებთ, რომ უფრო ძველი ღვინო გვქონდეს.

ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაცია, რომელიც ღვინის სერტიფიცირებას გვთხოვს  წარმოების პროცესს გვირთულებს, რადგან ყოველწლიურად ყველა ჯიშზე სერტიფიკატი უნდა ავიღოთ. დასავლეთ საქართველოში კი ლაბორატორია არ არის, რომელიც ამას უზრუნველყოფს,"-აცხადებს იოსელიანი.

როგორც "ოტიას ეზოს" დამფუძნებელი აღნიშნავს, წარმადობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ცუდი მოსავალი რომ არა, უფრო დიდი რაოდენობების წარმოება იქნებოდა შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი, "ოტიას ეზოს" ბრენდის ქვეშ წლის ბოლომდე დაახლოებით 3000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს  (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა.

 

 

Businesspartner