ოთარ შამუგია: სპეკულაციაა, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტს ვაპირებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ბიძნური კამპანია მიმდინარეობდა, რომ მთავრობა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს გეგმავდა.
მისი თქმით, მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთისთვის მიმართვა 2019 წელს გაკეთდა და არა ომის დროს.
"მთელი გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ზღვარგადასულ კრიტიკას, ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს და არა ომის დროს - საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა, რაც მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს", - აცხადებს ოთარ შამუგია.
შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელ 15 კომპანიას რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა აქვს. იქვე ნათქვამი იყო, რომ უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან.