ბიზნესი
11/03/2022

ოთარ შამუგია: ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის დადებითი შედეგებია

ღვინის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების პასუხად მთავრობა კერძო სექტორს აქტიურ კომუნიკაციას სთავაზობს.

„ჩვენი ამოცანაა, რეგიონში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ ის მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეღვინეებთან შეხვედრისას.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ  ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით დადებითი შედეგები უკვე არსებობს.

„სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოებას, თუმცა ამ მიმართულებით კერძო სექტორის, მეწარმეების აქტიური ჩართულობა და როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია ერთობლივად, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის კოორდინირებული მუშაობით მოხდეს ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლის, მხარის ინტერესის დაცვა და გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა დარგი კვლავ მყარად იდგეს ფეხზე.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება როგორც დარგში დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების ხელშეწყობის კონკრეტული წინადადებები, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები, მიმართულებები და სამომავლო გეგმები.