ბიზნესი
01/07/2021

ორნამენტი: ჩვენი მიზანია, ღვინის შემდეგ, მსოფლიომ ქართული ლიქიორიც გაიცნოს

პანდემიის დროს ბაზარზე ქართული ლიქიორი "ორნამენტი" გამოჩნდა. სასმელი 100% ნატურალური ნედლეულით, ყოველგვარი დანამატების გარეშე მზადდება. 

ქართული ბრენდი "ორნამენტი" თინათინ ჯაჯანიძემ და ნინო მისურაძემ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დააფუძნეს, რომლებიც 2004 წლიდან მეღვინეობის სფეროს განვითარებაში მონაწილეობენ.

როგორც თინათინ ჯაჯანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ბოლო 17 წლის განმავლობაში განვითარდა და წინ წავიდა ქართული ღვინო, მაგრამ ლიქიორი, რომლის დამზადების ტრადიციაც ყოველთვის იყო საქართველოში, ბოლო დროს დაივიწყეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ლიქიორის სამშობლოდ საფრანგეთი ან ჰოლანდია მოიაზრება, მსგავს სასმელზე, მის წინამორბედზე ქართველი მწიგნობარი მეფე, ვახტანგ მე-6 თავის წიგნში - "წიგნი ზეთების შეზავების და ქიმიის ქმნისა“  საუბრობს და რეცეპტებსაც გვაწვდის. ეს ამბავი საინტერესოდ მივიჩნიეთ და დავიწყეთ ქართული ლიქიორის იდეაზე ფიქრი და ექსპერიმენტები.

ლიქიორის რაიმე კონკრეული რეცეპტები არ არსებობს, არც მისი დამზადების კონკრეტული ტექნოლოგია. რადგან ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ, გადავწყვიტეთ ლიქიორის საბაზისო ნედლეულად ქართული ღვინო გამოვიყენოთ, შაქრის სიროფის ნაცვლად ნატურალური ყურძნის ექსტრაქტი. გვაქვს პატარა საწარმო, სადაც მზადდება ჩვენი ლიქიორი“ორნამენტი“. ღვინოს ჩვენ არ ვამზადებთ, იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ვიცნობთ დღესდღეისობით ყველა მწარმოებელ კომპანიას, ვარჩევთ საუკეთესოს - საფერავს, რქაწითელს და ვარდისფერ ღვინოს. ვიყენებთ ასევე ხორბლის სპირტს, რაც მთავარია ყველაფერი ქართულია," – აღნიშნავს თინათინ ჯაჯანიძე.  

ქართული ბრენდის ასორტიმენტი სამი სახეობის ლიქიორს მოიცავს: საფერავის, რქაწითელის და ვარდისფერი საფერავის ლიქიორს, რომელიც ორი ტიპის  შეფუთვით მზადდება – სასაჩუქრე, ბრენდირებული ბოთლით და ბიუჯეტური, სტანდარტული ბოთლით. ფასები 20-დან 35 ლარამდე მერყეობს. პროდუქციის რეალიზაცია კომპანია "ევროპროდუქტის" და  "მარიმარკეტის" მაღაზიებში ხდება. "ორნამენტი" გათვლილია ყველა კატეგორიის ზრდასრულ მოსახლეობაზე.

"ამ ეტაპზე, "ორნამენტის" გუნდი 3 ადამიანისგან შედგება. კომპანიის გეგმებშია საწარმოს გაფართოება. ჯერ-ჯერობით ექსპორტზე არ გადის პროდუქცია. თუმცა დიდი სურვილი გვაქვს, რადგან ქართული ღვინის შემდეგ, ქართული ლიქიორის გაცნობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას. ასევე გვინდა კორპორატიული მიმართულების გააქტიურებაც.

დიდი სურვილი გვაქვს ავითვისოთ HoReCa სექტორი. გვინდა, არამარტო მარკეტების მომხმარებელმა, არამედ სარესტორნო ქსელებმაც გაგვიცნონ. პროექტი სრულიად კერძოა და დაფინანსებულია ჩვენივე დანაზოგებით, თუმცა სამომავლო გეგმების განსახორციელებლად თანადაფინანსების პროექტებში  მონაწილეობასაც განვიხილავთ," – ამბობს "ორნამენტის" დამფუძნებელი.