ბიზნესი
29/04/2021

ორგანული ასკილის სასმელის მწარმოებელი ქართული ბრენდი NADI ნატახტარში საწარმოს აშენებს

ორგანული ასკილის სასმელის მწარმოებელი ქართული ბრენდი NADI ნატახტარში საწარმოს აშენებს, რითაც წარმადობის 3-ჯერ გაზრდას ვარაუდობს.

NADI-ს მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბაშიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ კომპანია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული.

"სოფელ ნატახტარში, სადაც ინდუსტრიული ზონაა და ყველა დიდი კომპანია აქ არის წარმოდგენილი, ვაშენებთ ახალ საწარმოს, რომლის 70% უკვე აშენებულია. ეს საშუალებას მოგვცემს წარმადობა გავასამმაგოთ და ამერიკის ბაზარს უფრო მომზადებულები და გავაგზავნოთ უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქცია. აშშ-ს მაგალითზე, რომ ვთქვათ, დაახლოებით 100 000 ბოთლის გაგზავნას ვახერხებთ წლიურად. კოვიდის პერიოდში ეს შეფერხდა, მაგრამ 2022 წელს გაორმაგებულ მაჩვენებელს ველით.

ჩინეთში გვაქვს საცდელი პრიდუქცია გაგზავნილი, რომელსაც საკმაოდ დადებითი შეფასება მოჰყვა და იმედია, მალე ჩინეთშიც წარმატებულ ექსპორტს განვახორციელებთ,“ – ამბობს გიორგი აბაშიძე.  

NADI ქმნის ღირებულებათა ჯაჭვს, რომელსაც სამი ძირითადი რგოლი აქვს: რეგიონში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, კომპანია BPC და ამერიკელი პარტნიორები, რომელთან ერთადაც დაფუძნდა "ნადი". კომპანია ამ ეტაპზე აწარმოებს ასკილის ორგანულ წვენს, ასევე მიქსს ბროწეულთან და ყურძნის წვენთან.