ომის გამო, შესაძლოა, ცემენტი 10-15%-ით გაძვირდეს - GCA
ცემენტი შესაძლოა 10-15%-ით გაძვირდეს.
როგორც “ბიზნესპარტნიორს“ ცემენტის ასოციაციის (GCA) გენერალური დირექტორი ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა, ფასები გადაიხედება, თუმცა ჯერ ისევ რთულია ზუსტი ციფრების დასახელება.
დღეს ცემენტის ფასი ბაზარზე სხვადასხვაა, გააჩნია პროდუქტის ტიპს, კლასს და ასე შემდეგ. მაგალითად, 400 მარკიანი ცემენტის (Heidelber 40 კგ) ფასი 13 ლარს შეადგენს.
მახარობლიძე ფასის ზრდის მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებს. როგორც მახარობლიძე აღნიშნავს, ცემენტის წარმოებისათვის საჭირო მთავარი ნედლეულის-კლინკერის წარმოებისთვის ძირითადი დანახარჯებია ნახშირი, ელექტროენერგია, გაზი და დიზელი.
რუსეთ-უკრაინის კონფრლიქტის დაწყების დღიდან კი ენერგომატარებლებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. ყველაზე დიდი ცვლილება განიცადა ნახშირის ფასმა, რომელიც დღეს 5-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ასევე დიდ გავლენას ახდენს ლარის გაცვლითი კურსი და მსოფლიოს მაშტაბით სათარიგო ნაწილებზე გაორმაგებული ფასები.
მახარობლიძის განცხადებით, რუსეთიდან და უკრაინიდან ძირითადად ნახშირის იმპორტი ხდებოდა, რომელიც დღესდღეობით შეჩერებულია.
„ვცდილობთ ჩავანაცვლოთ სხვა ალტერნატიული წყაროებით. ცემენტის დეფიციტი არ შეიქმნება, თუმცა გაზრდილი ხარჯები უკვე მძიმე ტვირთად აწვება საწარმოებს და ასახვას პოვებს სარეალიზაციო ფასში,” - აღნიშნავს მახარობლიძე.
ცემენტის ასოციაციის გენერალური დირექტორი გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 2022 წელი აქტიურად და პოზიტიურად დაიწყო, თუმცა მარტში რაოდენობები საგრძნობლად შემცირებულია, რომლის ძირითად გამომწვევი მიზეზიც ამ ეტაპზე მძიმე მეტეოროლოგიური პირობებია.
„იმედი გვაქვს რეგიონში შექმნილი ვითარება და მისგან გამოწვეული ინფლაციური მომენტები იქნება მოკლევადიანი და არ ჰპოვებს მძიმე ასახვეს გრძელვადიან ტენდენციაში საქართველოს ცემენტის და ზოგადად სამშენებლო ბაზარზე,” - აცხადებს მახარობლიძე.