ბიზნესი
12/09/2022

ნოსტე: ვცდილობთ მარცვლეულის მარაგები ადგილობრივი ნედლეულით შევავსოთ

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში პრობლემა მეფრინველეობის დარგსაც შეუქმნა. მათ შორის, პრობლემურია მარცვეულის იმპორტი, რომელიც ქართველ მეფრინველეებს ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოჰქონდათ.

მეფრინველეები ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე მუშაობდნენ. „ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა რამდენად შეძლო სექტორმა ახალი ბაზრების მოძიება და ხომ არ გაიზარდა მათი ხარჯები.

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია GPP-ის (რომელიც ბაზარზე ბრენდით „ნოსტე" არის წარმოდგენილი) ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ნედლეულის ბაზარზე საქართველოსა და მსოფლიოში.

ქართული აგროსექტორი ჯერ კიდევ პრობლემების წინაშეა, კონკრეტულად, გამოწვევები უკავშირდება მარცვლეულის დეფიციტს, გართულებულ ტრანსპორტირებასა და მარცვლეულის საგრძნობლად გაზრდილ ფასს.

„ამ ეტაპზე რაიმე საფუძვლიანი ცვლილებები მომწოდებლების კუთხით არ იგეგმება, ვცდილობთ მარაგები მაქსიმალურად ადგილობრივი, ქართული ნედლეულით შევავსოთ,“ - აცხადებს ფირცხალაიშვილი.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ნედლეული იმპორტირებულზე შედარებით ძვირია, ხომ არ იგეგმება  ნედლეულზე ფასის ზრდა, კომპანია GPP-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი  და განსაზღვრა წინასწარ რთულია, რადგან ქვეყანაში არასტანდარტული გარემოა და შესაბამისად, პროგნოზიც არასტაბილურია.

ფირცხალაშვილი რეალიზაციის მაჩვენებელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით გაყიდვების რიცხვი უფრო მაღალია, ამას კი ცნობადობის და ლოიალური მომხმარებლების ზრდას უკავშირებს.

„ვაცნობიერებთ, რამდენად მგრძნობიარეა დღეს ჩვენი მოსახლეობა გაზრდილი ფასების მიმართ, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასები და მხოლოდ მაშინ ვახდენთ ცვლილებას, როდესაც პროდუქციის თვითღირებულება საგრძნობლად გაზრდილია. ვერ ვიტყოდი, რომ მაგალითად, ფილეს ნაკლებად ყიდულობენ. ფილეზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია ჩვენს მაღაზიებში ისევე, როგორც სხვა ნაწილებზე,“-აცხადებს ფირცხალაშვილი.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს. „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

 

 

 

Businesspartner