"ნოსტე" წელს 20-მდე საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს
კომპანია GPP-ი, რომელიც ქათმის ხორცპროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, წლის ბოლომდე დამატებით 15-20 საფირმო მაღაზიას გახსნის. შედეგად, კომპანიას სულ, თბილისსა და რუსთავში 60-მდე მაღაზია ექნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს სამუშაოები წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაიზრდება გაყიდვის წერტილების რაოდენობაც.
კომპანია ძირითადად ქათმის ხორცის წარმოებაზეა ორიენტირებული და კვერცხს არ აწარმოებს.
შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.
ქარხანა კასპში მდებარეობს.