ბიზნესი
16/03/2022

ნოსტე: რუსული და უკრაინული მარცვლეულის ალტერნატივას ვეძებთ

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში პრობლემა მეფრინველეობის დარგსაც შეუქმნა. საუბარია, მარცვეულის იმპორტზე, რომელსაც ქართველი მეფრინველეები ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან ყიდულობდნენ.

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია GPP-ის (რომელიც ბაზარზე ბრენდით „ნოსტე" არის წარმოდგენილი) ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მარცვლეულით კომპანია ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან მარაგდებოდა, ახლა კი ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა მოუწევს.

„უკრაინასა და რუსეთზე 100%-ით  რა თქმა უნდა არ ვიყავით დამოკიდებული, ყოველთვის ვცდილობთ დივერსიფიცირება მოგვეხდინა და რისკები შეგვემცირებინა.  ადგილობრივ ნედლეულსაც ვყიდულობთ, თუმცა, საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც უკრაინა-რუსეთიდან შემოდიოდა,“ - აცხადებს ფირცხალაიშვილი.

ალტერნატიული ბაზრის მოძების შემთხვევაში გაიზრდება თუ არა პროდუქციის ღირებულება, ამას ფირცხალაშვილი ვერ აკონკრეტებს.

„ეროვნული ვალუტის გაუფასურება როგორც ვნახეთ დროებითი იყო და პანიკური მდგომარეობით გამოწვეული. ვიმედოვნობ, კურსი კვლავ დასტაბილურდება. რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია თუ რა მდგომარეობა იქნება ამ მიმართულებით,” - აღნიშნავს ფირცხალაშვილი.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს. „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

ქარხანა კასპში მდებარეობს.