ნოსტე: პანდემიის მიუხედავად გაყიდვებს არ ვუჩივით
კომპანია GPP-ი, რომელიც ქათმის ხორცპროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, რეალიზაციის დადებით ტრენდსა და პანდემიის შედეგად მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი განმარტავს, რომ გაყიდვები პანდემიის მიუხედავად მზარდია.
„ზაფხული ზოგადად ამ ბიზნესში პასიური პერიოდია, შესაბამისად, გაყიდვები შემცირებული იყო, თუმცა, სექტემბერიდან აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა. რეალიზაციას არ ვუჩივით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ვერ შევადარებთ, რადგან კომპანიამ აქტიური გაყიდვები ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო,“ - აცხადებს ფირცხალაიშვილი.
მისი ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა - თუ თბილისის ცენტრალურ უბნებში მომხმარებელი ფულს არ ზოგავს და შედარებით მაღალფასიან პროდუქციას (ფილე, გულისპირი) ყიდულობს, გარეუბნებში ყველაზე მეტად გაყიდვადი ქათმის შედარებით ბიუჯეტური ნაწილებია (ფრთა, ბარკალი და ასე შემდეგ).
კომპანია GPP-ის (ნოსტე) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიას ფასების გადახედვა რამდენიმე მიზეზის გამო უკვე მოუწია. მათ შორისაა, ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის გაძვირება. ფირცხალაიშვილის განცხადებით, კომპანიამ პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 3%-ით გაზარდა.
შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.
ქარხანა კასპში მდებარეობს.