ბიზნესი
21/10/2021

ნოემბრიდან ბაზარზე ღვინის ჩაი ერთჯერად პაკეტებში გაიყიდება

ნოემბრიდან ბაზარზე ღვინის ჩაი ერთჯერად პაკეტებში გაიყიდება.

როგორც კომპანია „სტუმარის“ ხელმძღვანელი გიორგი ბუკია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია ღვინის ჩაის 2017 წლიდან მცირე რაოდენობით აწარმოებდა, თუმცა, მხოლოდ ტურისტულ ობიექტებში სასაჩუქრე ნაკრებს ყიდდა. ახლა კი კომპანიამ მიიღო გადაწყევტილება, შევიდეს რითეილ სექტორში და  ბაზარზე გარკვეული წილი დაიკაოს.

როგორც ბუკია აცხადებს, ერთჯერადი პაკეტების იმპორტს კომპანია იაპონიიდან მოახდენს. 8-10 პაკეტიანი შეფუთვით ღვინის ჩაის (საფერავის არომატით) ფასი დაახლოებით 12-15 ლარის ფარგლებში იქნება.

„პროდუქტს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება, გააჩნია დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, შეიცავს დიდი რაოდებობით B და D ჯგუფის ვიტამინებს, კარგია სისხლის მიმოქცევისთვის. ამ ყველაფერზე გვაქვს ოფიციალური ლაბორატორიული კვლევები ჩატარებული,“ - აცხადებს ბუკია.

მისი განმარტებით, წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 30% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ექსპორტზე გავა.

პროდუქცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, ჩინეთში HoReCa-ს ქსელში და პრემიუმ სეგმენტის სავაჭრო ობიექტებში, უკვე იყიდება. ექსპორტი განხორციელდა ინგლისშიც. “ცხელი საფერავის“ გატანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სთანაც.

როგორც ბუკია განმარტავს, ღვინის ჩაი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება - ეს არის ღვინო, ყურძნის კანი და წიპწა, რომელიც მაღალტექნოლოგიური წესით ერევა ერთმანეთს; პროდუქტი უალკოჰოლო და ნატურალურია. 

გიორგი ბუკია აცხადებს, რომ ღვინის ჩაის წარმოების იდეა ქართველ ფარმაცევტ ირაკლი ნატროშვილს ეკუთვნის, რომელიც 25 წლის წინ იკვლევდა ღვინის-(საფერავის) სასარგებლო თვისებებს და აღმოაჩინა, რომ გადამუშავების პროცესში მიღებულ პროდუქციას გააჩნია არანაკლები სასარგებლო თვისებები, ვიდრე ღვინოშია.

მისი ინფორმაციით, ღვინის დამუშავება, რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიღებული პროდუქციის დაფასოება ხდება პაკეტებში. მომზადების წესი კი ჩაის ანალოგიურია ანუ 3-4 წუთის განმავლობაში საჭიროა მისი გაჩერება ადუღებულ წყალში და პროდუქტი მზად არის.

კომპანიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 2021 წლის დასაწყისში 650 000 ლარიანი გრანტი მიიღო, რომლის შედეგადაც გეგმავს წარმადობის გაზრდას.