ნოდარ ხარაზიშვილი: ბიზნესს შეუძლია, თავად შექმნას ტრენინგ ცენტრები და სასწავლო პროგრამები
პროფესიული განათლების მქონე პირების ხელფასები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების ხელფასებს არ ჩამორჩება. ამასთან, დასაქმების მაჩვენებელი პირველ მათგანში უფრო მაღალია მეორესთან შედარებით.
ამის შესახებ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია განათლების ახალი მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტი პროფესიული განათლება და მასში კერძო კომპანიების ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერებაა.
ნოდარ ხარაზიშვილის თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ პროფესიული განათლების განვითარებისთვის დიდი ნაბიჯები გადადგა. ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა დუალური სწავლება, ასევე დიდი და მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამები.
„კერძო სექტორის მონაწილეობა პროფესიულ განათლებაში სულ უფრო იზრდება. ისინი მონაწილეობენ პროგრამების შემუშავებასა და მოდიფიცირებაში, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის დანერგვაში პროფესიული სასწავლებლებისთვის. ბოლო პერიოდის პროექტებიდან გამოვყოფდი კომპანია „ნოვასთან“ განხორციელებულ და ასევე „დიოსთან“ დაგეგმილ პროექტებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი გვეხმარებიან ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტექნოლოგიების დანერგვაში. თეორიული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები ადგილზე მიდიან და პრაქტიკას გადიან. დასაქმების კუთხით პროფესიულ სასწავლებლებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ და მაგალითად ტოპოგრაფიაში, ავტომობილების ტექდათვალიერებასა და სხვა მიმართულებებში დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ასევე 20 %-ით გაიზარდა პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასები და ამ სფეროში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მოდის,“ - განაცხადა ნოდარ ხარაზიშვილმა.
პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობაზე საუბრობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური. მისი თქმით, სააგენტოს მიზანია დააფინანსოს ისეთი ტიპის პროფესიული კურსები, რომლებიც ახლაა მოთხოვნადი შრომის ბაზარზე.
„ამ მიმართულებით ყოველწლიურად ვსწავლობთ შრომის ბაზარს და ვაფინანსებთ მოთხოვნადი პროფესიის შემსწავლელ კურსებს. ბიზნესს აქვს საშუალება, თავად შექმნას ტრენინგ ცენტრები და სასწავლო პროგრამები და თუ გაივლიან სახელმწიფო ავტოპრიზაციას, სააგენტო აფინანსებს ასეთ პროგრამებს. ბიზნესისთვის ეს დამატებითი შესაძლებლობაა, თავისი წვლილი შეიტანოს პროფესიული განათლების სეგმენტში,“ - აღნიშნა ველთაურმა.
მისივე თქმით, ბიზნესს შეუძლია სტაჟირებაზე აიყვანოს დასაქმების მსურველები, რომლებსაც სახელმწიფო თვეში 200 ლარს გადაუხდის და ეს პროცესი შესაძლოა 6 თვე გაგრძელდეს. შედეგად ბიზნესი მიიღებს უშუალოდ მის საჭიროებებზე მორგებულ კადრებს.
შეგახსენებთ: განათლების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმზე, რათა გაძლიერდეს კერძო სექტორის მონაწილეობა განათლებაში, განსაკუთრებით კი პროფესიულ განათლებაში.
მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ ხედვას, თუ როგორ აპირებს უპასუხოს გამოწვევებს როგორც სასკოლო და უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით.