ბიზნესი
16/07/2021

ნიუტონის სკოლის დირექტორი: სამუშაოს დაწყების და დასრულების დროს საერთოდ არ გავწერდი

ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორი გიორგი მელაძე სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ სწავლის დაწყება 07:00 საათზეც შესაძლებელია და 08:00 საათზეც, მთავარია, ისეთი დრო იყოს შერჩეული, რომ ტრანსპორტი მუშაობდეს.

მისი განცხადებით, პროცესი და გადაწყვეტილებები თანმიმდევრული იყოს.

„ზოგადად, როდის იწყება სამუშაო დრო, ამაზეა მიბმული სკოლის დაწყების საათიც. თუ სამსახურების უმეტესობა 08:00 საათზე დაიწყება, ამას მიებმება სკოლაც, რადგან  დასაქმებულებს ბავშვები სკოლაში მისაყვანი ეყოლებათ. მეორე მხრივ, თუ სკოლებმა სწავლა 08:00 საათზე დაიწყეს და სამსახურები ჯერ კიდევ 09:00 ან 10:00 საათზე დაიწყება, ისე, როგორც საქართველოშია, მაშინ ეს მშობლებში დისკომფორტს შექმნის,“-აცხადებს მელაძე.

კითხვაზე, შექმნის თუ არა რაიმე პრობლემას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში თუნდაც, საჯარო სექტორში სამუშაო განრიგის შეცვლა, მელაძე აცხადებს, რომ არანაირს, თუმცა მისი აზრით, სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო საერთოდ არ უნდა იყოს გაწერილი. 

„მთელი მსოფლიო გადადის დისტანციურ მუშაობაზე და სამუშაოს გაწერილი დრო არარელევანტური ხდება. ფიზიკურად ოფისში ყოფნის აუცილებელობა უკვე ნაკლებია. სამყარო იცვლება და პანდემიის ჟამს ამან კიდევ უფრო დაგვანახა ის, რომ რაღაცეების გაკეთება დისტანციურადაც შესაძლებელია. ამ დროს, ასეთი ინიციატივა და იმის განსაზღვრა, რომ აქედან აქამდე უნდა იმუშაოს ხალხმა და ამას საკანონმდემბლო ცვლილებები მოჰყვეს, ცოტა მოძველებული მგონია. თუ საჯარო სექტორზე ვსაუბრობთ, იქ კი ბატონო, მეტი ფორმალობაა და შეიძლება ასე იყოს.

ყოველ შემთხვევაში, რა სიტუაციაც იქნება ქვეყანაში და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ, ნიუტონის თავისუფალი სკოლა ამას გაიზიარებს და მოერგება,“ - აცხადებს მელაძე.

შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის. როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, აღნიშნული გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.