ბიზნესი
24/11/2021

ნინა კობახიძე მთავრობის ინიციატივაზე: შრომის ბაზარს მინიმუმ 100 000-მდე ადამიანი დაუბრუნდება

სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობის გაჩენას კერძო სექტორი დადებითად აფასებს.  „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის  თქმით, ამ პროგრამის სწორად განხორციელების შემთხვევაში, მინიმუმ 100 ათასამდე ადამიანი შრომის ბაზარს დაუბრუნდება.

„ერთი მხრივ საკმაოდ დიდი  თანხა იხარჯება  სოციალური დახმარების გაცემაში, მეორე მხრივ  ამ ხალხისთვის შემწეობის მუდმივ რეჟიმში ქონა არის ნეგატიური მოტივაცია ისწავლონ, იმუშაონ და  გახდნენ ქვეყნისთვის ეკონომიკურად აქტიური ადამიანური კაპიტალი. ვიმედოვნებ, სამუშაო ჯგუფი რომელიც შეიკვრება, იმ პრინციპებს განახორციელებს რომელიც მოემსახურება სიღარიბის შემცირებას, ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების  შეთავაზებას  და იმ  მანკიერი პრაქტიკის საბოლოოდ დამარცხებას, რაც შემწეობის დაკარგვის შიშით ადამიანებს არაფრის კეთებისკენ უბიძგებს,“ - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ბიზნესი პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

„იმედს ვიტოვებ, რომ ბიზნესი  ჩართული იქნება პროცესში. ჩვენ გავაგზავნით ინფორმაციის რა  ტიპის ძალა გვჭირდება სხვადასხვა რეგიონში. მართლა სანთლით ვეძებთ კადრებს რეიონებში ისეთ პოზიციებზე, სადაც უმაღლესი განათლება სულაც არ არის საჭირო. ველოდები,  რომ პროგრამის სწორად განხორციელების შემთხვევაში 100 ათასამდე ადამიანი ჩაერთვება შრომის ბაზარზე.  ვფიქრობ, სწორად დაიწყო პროცესი და ამ ინიციატივას მივესალმებით,“ - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გეგმავს. შესაბამისი პროგრამა სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება მზად. მიზანი 200 000-მდე ადამიანის შრომის ბაზარზე დაბრუნებაა. სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე პრემიერი ხელმძღვანელობს უცხოური გამოცდილების შესწავლას და გაზიარებას აპირებს

 

Businesspartner