ბიზნესი
26/11/2021

ნინა კობახიძე: კლინიკები ახალი ტარიფებით მუშაობას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შეძლებენ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ახალი ტარიფები შესაძლოა შემდეგი წლიდან დადგინდეს.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის მიღწეულია. საკითხთან დაკავშირებით ორმხრივი შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი ტარიფიკაციის შემუშავების პროცესი დაიძრა და მომავალი წლისთვის კლინიკები სავარაუდოდ, შეძლებენ ახალი ინდექსებით მუშაობას.

„ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით გასულ კვირას შედგა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროოში. შეხვედრას ესწრებოდნენ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც იქნებიან პოლიტიკის განმსაზღვრელები ამ მიმართულებით. მგონია, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინდექსაციის ფორმულას, რომელიც ძალიან გამჭირვალეა და მოიცავს რა ტიპის ნოზოლოგიაზე რა დანახარჯები გვაქვს, ასევე რა თანხები უნდა ღირდეს ესა თუ ის მანიპულაცია, ჯანდაცვის სამინისტროც გაიზიარებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის შესაძლებელი იქნება ახალი ინდექსებით ვიმუშაოთ,“ - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, კლინიკები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობენ, თითქმის ათი წლის წინ დადგენილი ტარიფებით ოპერირებენ.

„2012 წელს კლინიკები, რომლებიც შევედით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯერ კიდევ ძველი ტარიფებით ვმუშაობთ, მიუხედავად ინფლაციისა და დოლარს კურსის ცვლილებისა. ახალი სატარიფო პოლიტიკით და ტარიფების ინდექსაციით სამართლიანობა იქნება დაცული. მეტ-ნაკლებად წელში გავსწორდებით და შესაძლებლობა გვექნება დამატებითი ინვესტიცია განვახოციელოთ, სახელფასო პოლიტიკას ზრდის მიმართულებით გადავხედოთ,“ - განმარტა ნინა კობახიძემ.

Businesspartner