ნიკოლოზ ნაყოფია: "ზარაფხანას" 2021 წელს კორპორაციული დაკვეთები გაუნახევრდა
საიუველირო ქარხანა „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ნაყოფია „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა, კომპანიამ შეძლო ნებისმიერი გამოწვევისთვის გაეძლო.
„ჯერ კიდევ პანდემიის დარტყმა ბოლომდე გადალახული არ არის. იმ ნიშნულზე ვერ გავედით, რომელიც პანდემიამდე იყო. წელს წინსვლა არსებობს, თუმცა, ეს არ არის ის მონაცემი, რაც გვინდოდა,“ - აცხადებს ნაყოფია.
„ზარაფნახანას“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ადგილობრივი ბაზარზე გაყიდვები საკმაოდ შემცირდა, მათ შორის, კორპორაციული დაკვეთები.
„შესაბამისი განწყობა უნდა იყოს იმისათვის, რომ შეიძინონ ძვირადღირებული ოქროს ნაკეთობა. ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ეს მხოლოდ ჩვენს სექტორს არ ეხება და ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს. კორპორაციულ კლიენტებშიც შეინიშნება თანხის დაზოგვის ტრენდი და პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, „ზარაფხანას“ კორპორაციული დაკვეთები გაუნახევრდა. კომპანიებმა თანხების დაზოგვა დაიწყეს,“ - აცხადებს ნაყოფია.
მისი განცხადებით, შედარებით უკეთესი სიტუაციაა საერთაშორისო ბაზარზე. მათ შორის, რეაბილიტირებულია ის ბაზრები, სადაც „ზარაფხანა“ ოპერირებს.
„არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ვიყავი ახლახანს და პრაქტიკულად არ შეიმჩნევა პანდემიური მდგომარეობა. ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივ ბაზარზეა და სამწუხაროდ, ის ამ ეტაპზე რეაბილიტირებული არ არის,“ - აცხადებს ნაყოფია.
„ზარაფხანას“ გენერალურ დირექტორს მოლოდინებზე საუბარი უჭირს და აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არ დაჩქარდა იმუნიზაციის პროცესი და ქვეყანაში არ გატარდა ბიზნესის წახალისებისთვის საჭირო ეკონომიკური ღონისძიებები, რაიმე კონკრეტულის დაგეგმვა გაჭირდება.
„ყოველწლიურად ბაზარი მცირდება, ეს რომ არ მოხდეს და ზრდა დაფიქსირდეს, ბევრი პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაიჭრას. ეს არ არის მხოლოდ წმინდა ეკონომიკური საკითხი,“ - აცხადებს ნაყოფია.
„ზარაფხნას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ოქრო იყიდება საერთაშორისო ბაზრებზეც, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებში. ნაყოფიას ინფორმაციით, წელს კომპანიამ წარმოების მინი რეორგანიზაცია განახორციელა. შედეგად, შეიქმნა 250-მდე ახალი ნაკეთობა.
შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში ერთადერთი საიუველირო ქარხანაა, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. კომპანიის მიერ ასლისა და რეპლიკის სახით გაცოცხლებულია ანტიკური ხანის უძვირფასესი ნაკეთობები და შექმნილია კოლექციები.
"ზარაფხანა“ ამ დროისთვის საქართველოში 4 მაღაზიითაა წარმოდგენილი (თბილისში - 3, ბათუმში -1).