ბიზნესი
01/02/2022

ნიკოლოზ გამყრელიძე: თურქული მედიკამენტების მომწოდებლებთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქული მედიკამენტები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მომწოდებლებთან მოლაპარაკებებები უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაშია შესული.

„ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობდა. მივესალმებით, რომ ინიცირებიდან საკმაოდ სწრაფად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და იმ ქვეყნების სიას, რომელსაც საქართველო როგორც სანდო სიას აღიარებს დაემატა თურქეთი. თურქეთი თავისი საწარმოო სიმძლავრებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია გლობალურ ბაზარზე. ჩვენ შევძლებთ რაღაც ეტაპზე ვისარგებლოთ ამ სიკეთით. თურქული მედიკამენტები, რა თქმა უნდა არ დაფარავს სრულ ასორტიმენტს. ქართულ ბაზარზე რამდენიმე ათასი დასახელების მედიკამენტია და ყველას მოპოვება შეიძლება ვერ შევძვლოთ. თუმცა ძირითადი ნუსხა დაიფარება და ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, მოსალოდნელია რომ თურქეთიდან იმპორტირებული წამლები გაცილებით იაფი იქნება.

„თუ ჩვენ თურქეთიდან მედიკამენტებს გაცილებით იაფად შემოვიტანთ და გავუკეთებთ იმ საშუალო ფასნამატს, რაც დღეს გვაქვს ზოგადად წამლებზე, ეს შესამჩნევად იაფი იქნება და ამას მოსახლეობა დაინახავს. ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ მომწოდებლებთან, უკვე რამდენიმე დღეში რეგულირების სააგენტოში შევიტანთ პარალელური იმპორტისთვის მედიკამენტებს დასარეგისტრირებლად, რომ შემდგომ სწრაფი აღიარებითი რეჟიმით შევძლოთ მათი იმპორტი საქართველოში,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ბაზარი მედიკამენტების იმპორტისთვის იანვარში გაიხსნა.

Businesspartner