ბიზნესი
12/12/2021

ნიკოლოზ გამყრელიძე: თამაშის წესების გაცხადება ჯანდაცვის სექტორს მიმზიდველობას დაუბრუნებს

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეს ინვესტორებისთვის გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია ვიდრე იყო“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა  ნიკოლოზ გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინვესტორთა მხრიდან ჯანდაცვაში თანხების ჩადებაზე თავის შეკავებას არა არსებული დაბალი ტარიფები, არამედ გრძლევადიანი ხედვის არცოდნა აფერხებს.

„კერძო სექტორს ყოველთვის სჭირდება იცოდეს რა გრძლევადიანი გეგმები არსებობს მარეგულირებლის, ან პოლიტიკის განმსაზღვრელის მხრიდან და ამაზე შეთანხმება არსებობდეს. ბიზნესმა უნდა იცოდეს თამაშის წესები. თუ არ გვეცოდინება რა იქნება ორი და სამი წლის შემდეგ ბუნებრივია გვიჭირს ინვესტირება. რაც უფრო მალე გახდება თამაშის წესები ცხადი, თუ როგორი სტრატეგია გვაქვს, მგონია იმ მიმზიდველობას სექტორი დაიბრუნებს. სექტორს ინვესტიციები სჭირდება“, - ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არის რიგი სამედიცინო სერვისებისა, რომელიც ან არასაკმარისია ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

„ამიტომ გვაქვს ქვეყნიდან პაციენტების დიდი გადინება. აუცილებელია ინვეტირება. სულ ასე ხომ არ ვიქნებით“, - აცხადებს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორი.

მიუხედავად მრავალწლიანი საუბრებისა ამ დრომდე არ იცის სექტორმა რა სახეს მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და როგორ მოხდება პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების ცვლილება.

„ამ თემებზე საუბარი 2016 წელიდან მიდის და სამწუხაროდ, კონკრეტიკამდე ვერ მივედით. მაგალითად, თუ სელექტიური კონტრაქტები ამოქმედდა რა ფასი იქნება და ა.შ. სექტორის მოლოდინი არის რომ ამ მხრივაც ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ქვეყანაში ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს. სახეზეა სამედიცინო სერვისების გაძვირება, ლარის დევალვაცია. სექტორი კი, დღეს ოპერირებს 2013 წლის ფასებით. ეს ძალიან დამაზიანებელია თავად კომპანიების და მომხმარებლებისთვისაც, იმიტომ რომ ხარისხზე აისახება“, - განმარტავს გამყრელიძე.

 

Businesspartner