ბიზნესი
16/05/2022

ნიკოლოზ გამყრელიძე: DRG მეთოდის სამ თვეში დანერგვა რთული საკითხია

ჯანდაცვის სექტორი დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლის სწრაფ პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, DRG მოდელზე გადასვლას გრძელვადიანი პერიოდი და გამართული სტატისტიკური მონაცემები სჭირდება. 

"DRG მეთოდი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა მის დანერგვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. DRG სისტემა მთლიანად ეწყობა სტატისტიკურ მოდელებზე, ამიტომ მას ასევე საკმაოდ მძლავრი სტატისტიკა სჭირდება. არ ვიცი, ეს სტატისტიკა რამდენად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ 2 წელზე მეტია პანდემიაში ვიყავით. პანდემია დომინირებდა ჯანდაცვის სექტორში და სტანდარტული დაავადებების სტატისტიკა რთული მოსაპოვებელია. თუმცა, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, ესეიგი არსებობს და იმედია, მას მალე ვნახავთ",- აღნიშნა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, პრობლემები ჯანდაცვის სექტორში 2019 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ე.წ 520-ე დადგენილება ამოქმედდა.  

"ამ დადგენილებამ ძალიან დიდი წნეხი შეიტანა ჯანდაცვის სექტორში და ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა ამ 2 წელიწადში. პანდემიიდან გამოსვლის პროცესში ამ წნეხმა ბევრ კლინიკაში იჩინა თავი და ეს ასეც გაგრძელდება. ამიტომ არის კლინიკებიდან აქტიური თხოვნა, რომ არ დაველოდოთ DRG-ის და რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მივიღოთ. სამ თვეში რომ DRG მოდელი დაინერგება, ეს ცოტა რთულად მიმაჩნია. შეიძლება გარკვეულ სპეციალობაში ეს მოხდეს, მაგრამ მთელი სექტორის მასშტაბით ეს ცოტა რთული იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, რამდენად გამოასწორებს არსებულ ვითარებას DRG მეთოდი. 

ვისურვებდი, რომ ამ მოდელზე მუშაობისას მეტი კომუნიკაცია იყოს, რომ ეს სექტორისთვის სიურპრიზი არ იყოს. ჩვენც შეგვიძლია ამ საქმეში წვლილის შეტანა, რადგან სტატისტიკას ჩვენც ვაწარმოებთ და შეგვიძლია გავუხსნათ სამინისტროს მონაცემები. მეტი პარტნიორობით უნდა მივიღოთ ეს შედეგი. რაც შეეხება შუალედურ შედეგს, საუბარი იყო, რომ 520-ე დადგენილება რაღაც ეტაპზე გადაიხედებოდა. მაგრამ ჯერ, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა",- განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.