"ნიკა ვაჩეიშვილის ატენური მარნის" გაფართოების გეგმა ნელი ტემპით ხორციელდება
„ნიკა ვაჩეიშვილის ატენური მარნის“ გაფართოების გეგმები ნელი ტემპებით ხორციელდება. მიზეზი პოსტპანდემიური პერიოდი და რუსეთ-უკრაინის ომია.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე ატენური მარნის დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, შექმნილ ვითარებაში შემცირებულია ფინანსურ რესურსებზე წვდომა, რაც განვითარებას აფერხებს.
„სამწუხაროდ, დონორების უკიდურესი სიმცირეა. ფაქტობრივა გამოდის ისე, რომ კერძო სექტორს საკუთარი შემოსავლებით უწევს განვითარება. ფონდები, რომელიც სოფლის მეურნეობას განსაკუთრებით რეგიონალური განვითარების კუთხით მხარს დაუჭერენ, არ არის. ამიტომ, ადამიანს უწევს თავისი იდეები თავისივე დანაზოგით დააფინანსოს,“-აცხადებს ვაჩეიშვილი.
მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებულ კომერციულ ბანკებს იმ დონეზე დიდი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, რომ კრედიტით ბიზნესის გაფართოება თითქმის შეუძლებელია.
„ნიკა ვაჩეიშვილის ატენური მარნის“ დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ დაასრულებს ყველის და თაფლის წარმოების გაფართოებას. შედეგად, მარანს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საქონლის რძე და თავისი მეურნეობა სრულად დააკმაყოფილოს.
მისი განცხადებით, მეურნეობაში თხისა და საქონლის ყველიც იწარმოება. ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ რძის პროდუქტის წარმოება 2020 წელს მცირე რაოდენობით დაიწყო (თვეში 50 კილოგრამის წარმადობით), თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია მასშტაბების გაზრდა.
„დაგეგმილი გვქონდა და გვაქვს წარმადობის კიდევ უფრო გაზრდა, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ შენარჩუნებას ვახერხებთ, ამ პირობებში კი ეს გამარჯვებაა,“-აცხადებს ვაჩეიშვილი.
მისი განცხადებით,4-5 სახეობის ყველის სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადება პატარა საყველეში ხდება.
როგორც ცნობილია, ატენში, ნიკა ვაჩეიშვილმა მარანი 2013 წელს გააშენა. ამას მოჰყვა 2016 წელს პატარა, 6 ნომრიანი გესთჰაუსის აშენება, რომელიც მას შემდეგ გაფართოვდა და სასტუმრო ახლა უკვე 19 ნომრიანია.
ვაჩეიშვილის განცხადებით, 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია ჩინებულის, გორული მწვანის და თავკვერის ჯიშის ვენახები, ღვინის დაყენება კი ტრადიციული მეთოდით ხდება. მეურნეობაში წარმოებული ღვინის ძალიან მცირე ნაწილი იყიდება თბილისში ნატურალური ღვინის მაღაზიებში, დანარჩენის რეალიზება კი ადგილობრივად, მეურნეობაში ხდება.
„ნიკა ვაჩეიშვილის მარნის მეგობრების პატარა ჯგუფის დახმარებით უკვე გამოვუშვით კომპოტები, ჯემები,რომლითაც ჩვენივე საკუთრებაში არსებულ გესთჰაუსს ვამარაგებთ,“ - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.