ბიზნესი
04/05/2022

ნიკა ვაჩეიშვილი: რესტორნებიდან და ბარებიდან თანხა 2-3 წლიანი დაგვიანებითაც მიგვიღია

ღვინის მარნები რესტორნებთან და ბარებთან ურთიერთობისას არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. „გიორგი ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებლის შემდეგ აღნიშნულ პრობლემაზე „ბიზნესპარტნიორთან“  „ატენური მარნის“ დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილიც საუბრობს.

მისი  ინფორმაციით, ეს პრობლემა არსებობს,შესაბამისად,  წლების განმავლობაში  მუდმივად არაპრიორიტეტული იყო წარმოებული ღვინის თბილისში გაყიდვა.

„ანგარიშსწორება ისე ჭიანურდებოდა, რომ აღარ გიღირდა, ძალიან ჩამორჩენილი რიტმი და ციკლი იყო. პროდუქტის რეალიზაცია კონსიგნაციით ხდება,თანხა კი  2-3 წლიანი დაგვიანებითაც კი მიგვიღია.

ახლა შევარჩიეთ 2-3 ადგილი, მაღალხარისხიანი რესტორანი, რომლებთანაც სტრატეგიულ თანამშრომლობას განვიხილავთ. ვინც გვთხოვს მათთან მივიტანოთ - ამ სტრატეგიით აღარ ვმუშაობთ,“-აცხადებს ვაჩეიშვილი.

როგორც ცნობილია, ატენში, ნიკა ვაჩეიშვილმა მარანი 2013 წელს გააშენა. ამას მოჰყვა  2016 წელს პატარა, 6 ნომრიანი გესთჰაუსის აშენება, რომელიც მას შემდეგ გაფართოვდა და სასტუმრო ახლა უკვე 19 ნომრიანია.

ვაჩეიშვილის განცხადებით, 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია ჩინებულის, გორული მწვანის და თავკვერის ჯიშის ვენახები, ღვინის დაყენება კი ტრადიციული მეთოდით ხდება. მეურნეობაში წარმოებული ღვინის ძალიან მცირე ნაწილი იყიდება თბილისში ნატურალური ღვინის მაღაზიებში, დანარჩენის რეალიზება კი ადგილობრივად, მეურნეობაში ხდება.