ბიზნესი
16/09/2022

ნიკა ნანუაშვილი: გაჭიანურებული ბიზნესდავების პრობლემა სწრაფად და სისტემურად უნდა მოგვარდეს

„არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობის გაცემას და მის აღსრულებას სასამართლო ზოგჯერ ორ წელს ანდომებს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესასოციაციის იურისტმა განუცხადა. ნიკა ნანუაშვილის თქმით, პროცესის ასეთი გაჭიანურების გამო ბიზნესი საქმის არბიტრაჟში გაგრძელებისგანაც თავს იკავებს.

„მართალია, სასამართლოს ალტერნატივად ბიზნესს შეუძლია არბიტრაჟი გამოიყენოს. თუმცა ცუდი ისაა, რომ პროცესი აქაც სასამართლოს გავლით მიმდინარეობს. სასამართლოს გადატვირთულობის გამო კი საარბიტრაჟო დავებიც დიდხანს გრძელდება. არადა არბიტრაჟის მომხიბვლელობა არის არა ფასში არამედ დროში. ჩვენთან ეს მომხიბვლელობა არბიტრაჟს დაკარგული აქვს,“ - განმარტა ნიკა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, გაჭიანურებული ბიზნესდავებისა და სასამართლო პროცესების საქმე რაც შეიძლება სწრაფად და სისტემურად უნდა მოგვარდეს.

„სასამართლოში შესულია ერთბაშად ძალიან ბევრი საქმე, იმატებს იმ საქმეების რაოდენობა, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა სჭირდება, ამის პარალელურად კი მოსამართლეების რაოდენობა სამწუხაროდ, არ იზრდება,“ - განმარტავს ნანუაშვილი.

Businesspartner