"ნეოპრინტი" სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის მუყაოს პალეტების წარმოებას იწყებს
კომპანია „ნეოპრინტი“ მუყაოს მასალისგან სატრანსპორტო (სახმელეთო, საზღვაო) გადაზიდვებისთვის პალეტების წარმოებას იწყებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი არჩილ თვარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს იქნება ერთგვარი დამცავი კუთხე, რომელიც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებისთვის იქნება გამოყენებული.
„ბაზარზე მხოლოდ ხის პალეტებია, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ იწარმოება. ვგეგმავთ ამის მუყაოს პალატებით ჩანაცვლებას, რომელიც ჩვენთან, თანამედროვე სტანდარტების დაცვით იქნება წარმოებული,“-აცხადებს თვარაძე.
მისივე განცხადებით, სერიული წარმოება რამდენიმე კვირაში დაიწყება. რაც შეეხება რეალიზაციას, წარმოებული პროდუქიის 40% ექსპორტზე, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიყიდება.
ამჟამად კომპანია მუყაოს გარდა, რამდენიმე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის: ფიჭისებრი პალეტი, მუყაოს დამცავი კუთხეები, LW Light - ფიჭაპანელი, ფიჭის უჯრედი, ფიჭის მონოპანელი, ფიჭის მონოპანელი შპონით, ფიჭის მონოპანელი მდფ-ით, და ტუბუსი.
როგორც თვარაძე აცხადებს, კომპანიის წარმოება სრულად ადგილობრივ ნედლეულზეა დაფუძნებული. მათ შორის, „ნეოპრინტი“ იბარებს მაკულატურის სახით ქაღალდს ქაღალდის ყუთებს და ასე შემდეგ. დღეში დაახლოებით 20 ტონამდე ნედლეულის მიღება ხდება.
კომპანია ”ნეოპრინტი“ საქართველოში მუყაოს ქაღალდის ერთადერთი წარმოებაა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი) თვეში 400 ტონამდე პროდუქციას წარმოება შეუძლია. თუმცა, „ნეოპრინტმა“ უკვე დაამატა მეორე ხაზი, რომლის ამუშავების შემდეგ წარმადობის გაორმაგება იგეგმება.
კომპანია 2009 წელს 1,2 მილიონი ლარის ინვესტიციით და იაფი კრედიტის პროგრამის ხელშეწყობით მცხეთის რაიონის დაბა წეროვანში, დევნილების კომპაქტურ დასახლებაში გაიხსნა. საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.
ტერიტორიის საერთო ფართობია 1,55 ჰექტარი, მათ შორის საწარმოო და ადმინისტრაციული შენობების ფართი – 2,200 კვ/მ.