ფოტო: housebeautiful
ბიზნესი
17/03/2022

ნედლეულის დეფიციტი ავეჯს აძვირებს

ავეჯის ინდუსტრია ფასების 20%-იან ზრდას ელის. როგორც ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიზეზი ნედლეულის დეფიციტია.

როგორც ცნობილია, იმ ორასამდე დასახელების პროდუქტს შორის, რომლის ექსპორტზეც რუსეთმა აკრძალვები დააწესა, მოხვდა ხე-ტყის მასალაც.

„საქართველოს ავეჯის ინდუსტრია გარკვეულწილად დამოკიდებული იყო რუსეთის ბაზარზე ხე- ტყის მასალის შემოტანის თვალსაზრისით. რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ საქართველოში უკვე გამოიწვია ნედლეულის დეფიციტი. ადგილობრივი კომპანიები ეძებენ ალტერნატივებს. ვფიქრობ, მოკლე დროში შეძლებენ ჩანაცვლებას. ალტერნატივად ჩინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი მოიაზრება. თუმცა ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული ნედლეული უფრო ძვირი იქნება და შესაბამისად, ავეჯის წარმოებაც გაძვირდება. ვვარაუობთ, რომ ფასები 20%-მდე მოიმატებს,“ - აღნიშნა ბესიკ ვერძეულმა.

მისივე განმარტებით, ხე-ტყის მასალა ექსპორტზე საქართველოდანაც გადის, ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი ირანია.

იმ ფონზე როცა, პროდუქციის დეფიციტია მოსალოდნელი, ინდუსტრია ნედლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესებას ითხოვს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინდუსტრიის ამ მოთხოვნას სამთავრობო წრეებშიც გარკვეულწილად იზიარებენ, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

ცნობისთვის, რუსეთიდან საქართველოში 2021 წელს ჯამში 11 მლნ დოლარის ხე-ტყის მასალის იმპორტი განხორციელდა.

Businesspartner