ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესისთვის ხარჯია - საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია
„გარემოს დაცვით რეგულაციებს ბიზნესი ძალიან კარგად იაზრებს და მიესალმება კიდეც. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირში შესვლა, ეს არის გარდაუვალი“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა.
მან ის ახალი რეგულაცია შეაფასა, რომლის დაცვაც სამრეწველო ობიექტებს მოუწევთ. საქმე ისაა, რომ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონმდებლო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზანად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას.
კანონი მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს მოაწესრიგებს, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა.
მარიანა მორგოშიას განმარტებით, ბიზნესი მზადაა, მოერგოს ახალ რეგულაციას, თუმცა ის იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რის წინაშეც ყოველი ახალი რეგულაციის მიღების დროს დგება კერძო სექტორი. მორგოშიას განმარტებით, რეგულაციებთან ადაპტაციის პროცესში ბიზნესს უწევს ფინანსური ხარჯის გაწევა.
„ნებისმიერი რეგულაციის დანერგვა, ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი წნეხი. რეგულაციებთან ადაპტაციის პროცესში ბიზნესს უწევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაღება, რაც აისახება წარმოებული პროდუქციის ფასში. კომპანიებს უწევთ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ ისეთი ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას, სადაც ასეთი ტიპის რეგულაციები არ არსებობს.
მეტიც, დამატებით, შესაძლებელია სახელმწიფო ასუბსიდირებდეს ენერგომატარებლებს, ან ამ ქვეყნებში ენერგომატარებლები იყოს იაფი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული პროცესია, კომპლექსური პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი იყოს კონსულტაციებში ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“, - განმარტა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, კანონის ამოქმედების ვადები, ამ ეტაპზე, საწარმოებისთვის მისაღებია, თუმცა ძალიან მალე გადის ხოლმე დრო და შესაძლებელია,ადაპტაციის პროცესში ბევრი კითხვა გაჩნდეს.
რაც შეეხება, კანონის ამოქმედების ზუსტ ვადებს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები კომპლექსურია, განისაზღვრა, რომ 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში საქმიანობის დაწყებას გადაწყვეტს, ხოლო 2029 წლიდან, ვალდებულება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს დაეკისრება.
კანონპროექტი ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. კომპანიებს წინსწრებით ექნებათ განსაზღვული ის გარემოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედონ, ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძურების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს.