ბიზნესი
29/06/2021

NCDC "ფილიპ მორის საქართველოს" განცხადებას პასუხობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული (NCDC) ცენტრი "ფილიპ მორის საქართველოს" განცხადებას პასუხობს.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში წუხილი გამოთქვა თამბაქოს კონტროლის განმახორციელებელ სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის „მანიპულაციებზე“, რომლებიც "ფილიპ მორისის" განცხადებით, ცდილობენ ხელი შეუშალონ თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კონსტრუქციულ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ დისკუსიებს.

NCDC განცხადებაში ირონიულს უწოდებს ფაქტს, რომ თამბაქოს ზიანის შემცირებაზე თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო კომპანია საუბრობს.

NCDC-ის განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს მოხმარებას ეპიდემიას უწოდებს და მოყავს სტატისტიკური მონაცემები თამბაქოსთან ასოცირებულ დაავადებებთან დაკავშირებით: მსოფლიოში ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც საერთო სიკვდილის დაახლოებით 13%-ია; 7 მილიონზე მეტი სიკვდილი თამბაქოს მოხმარების შედეგია, დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი თამბაქოს არამწეველი მსხვერპლია, ვინც მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

"საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია, ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილის შემთხვევების 22%-ზე მეტია და მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველი და 300 ბავშვია", - განმარტებულია NCDC-ის განცხადებაში.

ამავდროულად იქვე ნათქვამია, რომ მსოფლიო პანდემიის დროს, მწეველები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან, რადგან ამჟამად არსებული მონაცემები ცხადყოფს მნიშვნელოვან კორელაციას მწეველობასა და კორონავირუსული ინფექციის მწვავე გართულებებს შორის.

"COVID-19-ის სამიზნე ფილტვები და სხვა სასიცოცხლო ორგანოებია, როგორიც არის გული, თირკმელები და ა.შ., ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც აზიანებს ან ასუსტებს ამ ორგანოებს, ზრდის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს; იგივე ეხება ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებსა და პასიური მწეველობას.

„ფილიპ მორისი საქართველო“ თითქოს წუხს, რომ მიუხედავად თამბაქოს კონტროლის გაძლიერებული რეგულაციებისა, „საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია და ეს რიცხვი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება.“ ამ დროს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ 2016 წელს მწეველობის პრევალენტობა საქართველოში 31% იყო, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 28.2%-მდე შემცირდა. ასევე შემცირდა ყოველდღურად მოწეული ღერების რაოდენობა 21.4 ღერიდან 18.6 ღერამდე. შესაბამისად, მწეველობის მაჩვენებელს საქართველოში კლებადი ტენდენცია აქვს! ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ თამბაქოს კონტროლის მკაცრი რეგულაციების საფუძველზე თამბაქოს მოხმარება მკვეთრად შემცირდა მრავალ ქვეყანაში; როგორებიცაა აშშ, დანია, ნორვეგია და სხვები. აქედან გამომდინარე, არგუმენტი „დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია, ეს რიცხვი კი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება“ არ არის სწორი არც დღევანდელი და არც პროსპექტული შეფასებებით. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (85%) მხარს უჭერს თამბაქოს კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას.

თამბაქოს კონტროლის რეგულირებაზე მუშაობის პროცესში უდიდესი წვლილი აქვს არა კერძო და გაურკვეველი (ხშირად ინდუსტრიის მხრიდან მომავალი) წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს, არამედ თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის და განსაკუთრებულად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იზიარებს იმ დასავლურ გამოცდილებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ დააგროვა. საქართველოს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ეყრდნობა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებას და ცდილობს მაქსიმალურად მიუახლოვდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, რომელიც აღიარებულია როგორც თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური „ინსტრუმენტი“.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ „ფილიპ მორის საქართველო“ საკუთარ განცხადებაში აპელირებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კონვენციის მხარეებს, თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის დროს, ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის ვალდებულება აქვთ. მათი თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით ატარებს „ფილიპ მორისი საქართველო“ საჯარო დისკუსიებს და სხვა ღონისძიებებს თამბაქოსთან დაკავშირებით. აღნიშნულის პასუხად, განვმარტავთ, რომ ადგილი აქვს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის არასწორ ინტერპრეტირებას და აღნიშნული მუხლი ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას თამბაქოს ინდუსტრიის რაიმე ფორმით ჩარევა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში. 2016 წელს ინგლისში მიღებული იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ, სადაც ხაზი გაესვა, რომ თამბაქოს ინდუსტრია უნდა განიხილებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განზრახ შემცვლელად, რომელიც მისი მნიშვნელოვანი კაპიტალისა და ორგანიზაციული რესურსების გამოყენებით ქმნის არასანდო და ყალბ მტკიცებულებებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს განმარტებით, 5.3 მუხლის სახელმძღვანელო მითითებებიდან გამომდინარე, საქმიანობა, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის მიერ „სოციალური პასუხისმგებლობით“ არის გამართლებული, წარმოადგენს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას, რომელიც განეკუთვნება კონვენციით აკრძალულ რეკლამირებას, პოპულარიზაციასა და სპონსორობას.

„ფილიპ მორის საქართველო“-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოციალური კვლევების ინსტიტუტმა“ მოიწვია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რათა ცენტრის წარმომადგენლები დასწრებოდნენ შეხვედრას“. ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ყოფილა მოწვეული და არც მისი რომელიმე წარმომადგენელი ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას. ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს ეკრძალება ინდუსტრიასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, რასაც უპირობოდ იცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრმა მაშინვე, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული შეხვედრის შესახებ, ოფიციალური წერილით მიმართა შეხვედრის ორგანიზატორს „სოციალური კვლევების ინსტიტუტს“, გააცნო ცენტრის პოზიცია, რომ ყოვლად დაუშვებელია მსგავსი სახის შეხვედრების გამართვა, გააფრთხილა რომ შეხვედრა ემსახურება თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების არაეფექტურობაზე ხაზგასმას, რაც სავარაუდოდ, ეფუძნება თამბაქოს ინდუსტრიის არასწორად ინტერპრეტირებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს; ასევე რეკომენდაცია მისცა გაემიჯნოს თამბაქოს ინდუსტრიას და არ ჩაატაროს მსგავსი შეხვედრები.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა კოლეგებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ოფიციალური განცხადების სახით, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან ჯანმრთელობასა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის არსებობს ფუნდამენტური ინტერესთა კონფლიქტი!
დასაფიქრებელია თუ რატომ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიას უნდოდეს მწეველმა შეწყვიტოს მოწევა? ეს ხომ მისთვის დაკარგული რესურსია. შესაბამისად, მათ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი „სარგებლის მომტანი“ აქტივობა თუ განზრახვა რეალურად შეიცავს ფარულ საფრთხეს.

თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პროდუქტები შემოაქვს არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპების განსახორციელებლად, არამედ საკუთარი მოგების მისაღებად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესაბამისი გაიდლაინების მიხედვით ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა მაღალი რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი დაწესებულების დებულების მიხედვით, მოწევის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე სრული უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრონციპების დაცვა. შესაბამისად, ზემოხსენებული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელება არის გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ცალსახა რეკლამა/პოპულარიზაცია და უდიდეს რისკს წარმოადგენს მათი მოხმარების სტიმულირების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზარდებში, არასწორად შეფასებული რისკების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

Businesspartner