ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ლარის გაუფასურების ფონზე საწვავის გაძვირებას ელის
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე საწვავზე ფასების მოსალოდნელ ზრდის მოლოდინსა და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე საუბრობს.
ვანო მთვრალაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება დაკავშირებული იყო საერთაშორისო ფასების ზრდით, რასაც ახლა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურებაც დაემატა.
დღესდღეობით, საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, წლის დასაწყისიდან საშუალოდ 45 თეთრით არის გაძვირებული. ეს არის პირდაპირი ფაქტორი, რომელიც საწვავის ფასზე მოქმედებს და სამომავლოდაც იმოქმედებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ლარის გაცვლითი კურსი. მიმდინარე ეტაპამდე ეს ფაქტორი არ იყო ნეგატიურად მოქმედი, რადგან მეტ-ნაკლებად, წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებაში შეიძლება ითქვას სტაბილური იყო.
თუმცა, ბოლო კვირის მონაცემებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურებაა და ეს რა თქმა უნდა, აისახება საწვავის ფასზე. რთულია იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით მოიმატებს და ამის პროგნოზირება სწორი არ იქნება. საქართველოში ფასი იზრდება 3-5 თეთრიანი ბიჯებით, შესაბამისად, კომპანიების მხრიდან, ამ დღეებშიც მოხდა ფასების ანალოგოური მოცულობით კორექტირება. ეს პროცესი გაგრძელდება და შეეხება, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს,“ – აღნიშნავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
როგორც ცნობილია, ლარი ბოლო პერიოდში უფასურდება. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4464 ლარი გახდა.