ნათია თურნავა: სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროცესი ამ დღეებში დასრულდა.
„მოხერხდა ამ დღეებში, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოვიდა გაკოტრების რეჟიმიდან. წლებია უკვე ეს კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა და ახლა ის სრულფასოვანი საწარმო იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭირვალე და მიმზიდველოი კორპორატიული სტრუქტურა, რომელიც მას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და თავადვე დააფინანსოს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საკონკურსო კომისია, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოსთვის კანდიდატებს შეარჩევს.
„სამეთვალყურე საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია იმისთვის, რომ ყველა გადაწყვეტილების გამჭირვალედ მიღება მოხდეს და დაინერგოს კორპორატიული სტრუქტურა ამ კომპანიაში. ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ არასაკმარისი პირობა.“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.