ნათია თურნავა: ანაკლიის პორტი კვლავ პრიორიტეტია, ინვესტორებთან მოლაპარაკება 2021 წელს დაიწყება
ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ანაკლიის პორტის აშენება კვლავაც მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ნათია თურნავას განმარტებით, ინვესტორებთან მოლაპარაკებები 2021 წელს დაიწყება.
„ანაკლიის პორტი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა. როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ ვაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“,- აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ პორტის ინვესტორ კომპანია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორების მოძიებამდე თავად პროექტის ეკონომიკური დასაბუთების განახლება ესაჭიროება.
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ერთად, რაც არის ინვესტორების მოძიების საწინდარი.
"2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მლნ ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. ამასთან, ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს.
არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი", - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.