"ნატახტარის" ლიმონათი დიდ ბრიტანეთშიც იყიდება
„ნატახტარის“ ლიმონათი დიდ ბრიტანეთშიც იყიდება. "ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საექსპორტო ქვეყნების სიას ესპანეთიც დაემატა.
ამ დროისთვის გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი“ ევროპის დაახლოებით 25 ქვეყანაში იყიდება.
ხუნძაკიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გამაგრილებელი სასმელის (ლიმონათი) ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა და წლის ბოლომდე ექსპორტზე ჯამში 30 მილიონი ბოთლი ექნება გატანილი.
სს „ლომისი“ 1991 წელს ჩამოყალიბდა და ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. კომპანიამ 2005 წელს თიბისი ბანკისა და EBRD-ის ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში "ნატახტარი", რომლის 100%-იანი წილის 2008 წელს "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფმა" (Efes Breweries International - EBI) შეიძინა. ამ დროისთვის ქარხანა აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 14 ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, კასრის, ოტინგერი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, ბექსი, ფრანცისკანერი, სტელა არტუა, ლეფი, ჰოეგარდენი, კორონა, მილერი და 2 ქვებრენდს (ნატახტარი ექსტრა და კასრის მსუბუქი), პირველ ლუდის მიქსს საქართველოში - ქარვა რადლერს და ლიმონათის 8 არომატს.