ბიზნესი
20/09/2021

ნატახტარი: პანდემიის პერიოდში ლუდის ბაზარზე მოთხოვნა ეკონომიურ სეგმენტზე გაიზარდა

"ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ზაფხულის სეზონზე ლუდის ბაზრის ინდუსტრიას მიმოიხილავს. მისი ინფორმაციით, პანდემია ლუდის ბაზარზე ნეგატიურად არ ასახულა.

მისი ინფორმაცით, ლუდის ბაზარი პანდემიის პერიოდში გაიზარდა. რეალიზაციის მაჩვენებელი (რაოდენობრივი) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი,  2019 წელთან შედარებით კი დაახლოებით 11-12%-ით.

ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, ლუდის ბაზარი შემოსავლების თვალსაზრისით 7-8%-ით არის გაზრდილი.

„ეს ზრდა არ არის ის, რასაც ვგეგმავდით. პანდემიური წლის განმავლობაში გაყიდვების უდიდესი ნაწილი ეკონომიურ სეგმენტზე, შეფუთვებზე მოდიოდა. პანდემიური წელი იყო, ხალხი გარეთ არ მოიხმარდა ამ პროდუქტს და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ გადანაწილდა სეგმენტაცია, თუ ადრე მოთხოვნა იყო მინის ბოთლზე, ქილაზე, ახლა უპირატესობას ეკონომიურ პაკეტს (პლასტმასის 2 ლიტრიანი,2.5 ლიტრიანი შეფუთით) ანიჭებენ,“ - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

როგორც "ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, პანდემიური წლის პერიოდში HoReCa სექტორის დაკეტვამ მოხმარება ოჯახებში გადაიტანა, შესაბამისად, ეკონომიური სეგმენტი განვითარდა.

ხუნძაკიშვილი პროგნოზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“  არ ჩერდება და პროდუქტების გაფართებაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.