ნარჩენებისგან დამზადებული ფერადი ღილები და ჩანთები – როგორია სოციალური საწარმოს 7R გეგმები
სოციალური საწარმო 7R, რომელიც გარემოზე, ნარჩენების შემცირებაზე, მწვანე/ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციაზე და რეგიონში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაზე ზრუნავს წარმოების გაფართოებას და განვითარებას გეგმავს.
მულტიფუნქციურმა სივრცემ გარემოს დაცვისთვის, USAID YES-Georgia-ს მიერ გამოცხადებულ "ქალ მეწარმეთა მცირე საგრანტო კონკურსი გადაუდებელი საჭიროებებისათვის" საგრანტო კონკურსის დაფინანსება მოიპოვა.
საწარმოს დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ წელს საწარმო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, შესაბამისად ნებისმიერი მხარდაჭერა მათთვის უმნიშვნელოვანესია.
"აღნიშნული მცირე გრანტის საშუალებით შევიძენთ დამხმარე საშუალებებს, ხელსაწყოებს, რომელიც დაგვეხმარება პროდუქციის გამრავალფეროვნებაში - მაგალითად ძალიან მალე გვექნება ფერადი ღილების სერია, რომელიც უმცირესი ზომის ქსოვილების ნარჩენებისაგან დამზადდება, ასევე სხვადასხვა ფორმის ტყავის აქსესსუარები, სხვადასხვა ფორმის ჩანთები და სხვა", ამბობს მარი ბენდელიანი.
მისივე თქმით, სოციალური მეწარმეთათვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ 16 სექტემბერს გაიხსნება მაღაზია სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ. აღნიშნული სივრცეში მხოლოდ სოციალური საწარმოების პროქდუქცია გაიყიდება, რაც მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებიდან უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა.
"მოგვეცა სტიმული ვაწარმოოთ განსხვავებული და მავალფეროვანი პროდუქცია, რადგან ხელმისაწვდომი ხდება თბილისში მცხოვრები და ან სტუმრად მყოფი მრავაფეროვანი მომხარებელთა ჯგუფები.
ასევე, განსაკუთრებით ვემზადებით სოციალური საწარმოების ბ2ბ გამოფენისთვის, სადაც შევძლებთ შევხვდეთ ჩვენ პოტენციურ დამკვეთებს, მომხარებელს, რათა ვაჩვენოთ და შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი, შესაძლებლობები. ამ გამოფენაზე ჩვენი წარმატებული მონაწილეობა, უზრუნველყოფს ჩვენი საწარმოსთვის მდგრად შემოსავალს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საწარმოს გაფართოებას, ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი გამოწვევებით და წარუმატებლობებით იყო სავსე, გადავწყვიტე დარჩენილ თვეებს შანსი მივცე და აქტიურად ვიმუშავო იმისთვის, რომ საუკეთესო შესაძლებლობები მოვიპოვოთ."–ამბობს სოციალური საწარმო 7R–ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, საწარმო ზუგდიდში 2020 წელს დაფუძნდა ამ ეტაპზე კი მის პირველ სახელოსნოში "გუგუნებს", ქსოვილის ნარჩენებისაგან სხვადასხვა აქსესუარები და დეკორატიული ნივთები მზადდება. სახელოსნოში დამზადებული თითოეული ჩანთა თუ დეკორატიული დროშა, თითქმის უნიკალურია, რადგან მზადდება ქსოვილის ნარჩენებისაგან. ამასთან, ის ეკოფილოსოფიის მატარებელია. 7R–ის მიერ შექმნილი აქსესუარების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, FB გვერდის საშუალებით და სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც ზუგდიდში ისე თბილისსა და ბათუმშიც.
"მისი შეძენით თქვენ ამცირებთ იმ ქსოვილის ნარჩენების რაოდენობას, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდება, რადგან გადაგდებულ ქსოვილსაც თითქმის ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს გარემოზე, როგორც პლასტმასას ნარჩენებს,"– აცხადებენ კომპანიაში.