ბიზნესი
09/02/2021

ნაკლები მომხმარებელი, პირბადე და ტესტირება - ფიტნესები გასახსნელად ემზადებიან

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ მზაობა გამოხატა ფიტნეს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა შენარჩუნდება არსებული ეპიდვითარება და ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.

„შეხვედრას ესწრებოდა შრომის ინსფექტირების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენი, ეპიდემიოლოგები და სპორტის სამინისტროს წამომადგენელი. საუბარი იყო დამატებითი რეგულაციებით ფიტნეს კლუბების გახსნაზე, რაც გულისხმობს, სავალდებულო ტესტირებაში ჩართულობას, თანამშრომლების გატესტვას. ასევე, მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას და სპორტულ დაწესებულებაში პირბადის ტარებას. ყველა ვთანხმდებით, რომ პირბადის ტარება დარბაზში აუცილებელია, გარდა ინტენსიური ვარჯიშის დროს.

რაც შეეხება, ტესტირების ხარჯებს, გვითხრეს, რომ დღეს განიხილავენ ამ საკითხს. სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე სახელმწიფო დაგვეხმარება ამაში. რადგანაც, საბოლოო შეთავაზება არ არის პირბადესთან და ლიმიტირებული ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით, გამიჭირდება ზუსტი შეფასება. ჯერ მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ მოვლენებს,“– აცხადებს გიორგი ასათიანი.

 

 

Businesspartner