ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი "საბუე" წარმოების გაფართოებას გეგმავს
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „საბუე“ წარმოების გაფართოებას გეგმავს.
საწარმოს დამფუძნებელი გიორგი თურქაძე „ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია თბილისსა და რუსთავში, თუმცა უახლოეს მომავალში წამოების გაფართოება და ფილიალების დამატება იგეგმება.
"ვაპირებთ თბილისის კიდევ რამდენიმე უბნის ათვისებას. ამის გარდა ბათუმსა და ქუთაისში საწარმოს გახსნას ვგეგმავთ, რადგან ეს ორი ქალაქი განსაკუთრებით აქტიურობს ჩვენს გამოკითხვებში. გვაქვს სხვა გეგმებიც, რომლებიც ჯერ-ჯერობით დამუშავების პროცესშია. რაც შეეხება ასორტიმენტს, მალე მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით, დაგვემატება ქაბაბი და კატლეტი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იდეალური გემოს მიღებაზე.
ამ ეტაპზე საკუთარი ფერმა არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ, ბიზნესის განვითარებას და ამ მიმართულების ათვისებასაც ვგეგმავთ. ჩვენი საწარმო მდებარეობს რუსთავში. მაღაზია განთავსებულია ამავე შენობის პირველ სართულზე, მეორე სართული მთლიანად ეთმობა საწარმოს. მეორე მაღაზიას, მდებარეობს თბილისის ცენტრალუ უბანში,“ – აღნიშნავს გიორგი თურქაძე.
საწარმო შემოწმებულია და აღიარებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, გათვალისწინებულია მათი ყველა მოთხოვნა პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით. არსებობის განმავლობაში საერთო ინვესტირებული თანხა შეადგენს 80 000 ლარია.
„ხორცპროდუქტებით გვამარაგებს თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ხორცის მომწოდებელი შპს „ჯი-ემ-ენ ხორცპროდუქტები“. რაც შეეხება სულგუნს, ამ ეტაპზე ვიყენებთ კომპანია „წინწყაროს“ მიერ დამზადებულ სულგუნს. სხვა ინგრედიენტებსაც საგულდაგულოდ ვარჩევთ ადგილობრივ სავაჭრო წერტილებში,“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
„საბუეს“ მიერ წარმოებული პროდუქტის ასორტიმენტში შედის: საქონლის ხორცის პელმენი, სულგუნის პელმენი, საქონლის ხორცის ბლინი, სულგუნის ბლინი, სოკოს ბლინი, ხინკალი, კარტოფილის ვარენიკი, ხაჭოს ვარენიკი, კატოფილის და სულგუნის ვარენიკი.