"ნადი გრუპმა" ლოკოკინების ჩინეთში ექსპორტი გადადო
ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე ლოკოკინების ღია ფერმა "ნადი გრუპმა" ლოკოკინების ჩინეთში ექსპორტი გადადო.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, მოლაპარაკებები ჩინეთთან დასრულდა, ყველაფერი კარგად იყო, თუმცა იმის გამო, რომ არსებულ წარმოებას დიდი მასშტაბები არ გააჩნია, ჩინეთში ექსპორტი დროებით გადაიდო.
„ჩინური მხარე გვთხოვდა ერთ გაგზავნაზე დაახლოებით 500 ტონა ლოკიკინის ხორცის მიწოდებას, რაც ამ ეტაპზე ჩვენს შემთხვევაში, შეუძლებელია. “ნადი გრუპი“ ახლა წლიურად 50 ტონას აწარმოებს. ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია, ამიტომ, ვიდრე ქარხანა არ აშენდება და წარმადობას არ გაიზრდება, ვერ ვითანამშრომლებთ,“ - აცხადებს ნადარაია.
კომპანია „ნადი გრუპის“ მიერ წარმოებული ლოკოკინას ხორცი უკვე მეორე წელია იტალიაში ექსპორტზე გადის, წლიურად 50 ტონა.
„ნადი გრუპი“ ხობში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ქარხანა 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას, ესკარგოების წარმოებას.
კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 3-5 ევროა.
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.
გასული წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.