ბიზნესი
31/01/2023

მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია - ინოვაცია მწვანე მიზნებით

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტი ნულოვანი ემისიის საწამოში  ორგანული წესით შეგროვილი  ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.)  ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. ერთი სიტყვით, ბუნებრივი ნაყოფისგან მიღებული სასმელი სიდრი ენერგოეფექტური გზით მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ წარმოებისთვის საჭირო სითბური ენერგია ბიომასის სახით თხილისა და კაკლის ნაჭუჭისგან გამომუშავდება.

კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში. დამფუძნებლები სრულიად იზიარებენ გაეროს მდგრადობის 17 მიზანს. ეს არის  გარემოსდაცვითი პრინციპებით მოქმედი გუნდი: „იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგკვებავს შენ და მომავალ თაობას“.

მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია - ეს იმ რესურსდამზოგავი მეთოდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ადგილზე შეხვდებით. აქვე ფუნქციონირებს მწვანე ინჟინერიის ცენტრი, რომელმაც ამ ყველაფერს  ერთ სივრცეში მოუყარა თავი. კომპანია ესკო ესის მიერ ბაზალეთზე დაფუძნებული ცენტრის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ე.წ მწვანე მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შემდეგ კადრების გადამზადება და მათი დასაქმებაა.

გვესაუბრება „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი, ზაალ ხელაძე:

სიდრი ეს არის ვაშლის წვენის ფერმეტაციის შედეგად მიღებული პროდუქტი. საქართველოში მოგეხსენებათ ვაშლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ვაშლი საინტერესოა ისტორიით - სამყაროს დასაწყისთან არის დაკავშირებული. საქართველო საკმაოდ მდიდარია ვაშლით, მიუხედავად ამისა, არ მვართ ეგობრულ დამოკიდებულებაში სიდრთან და სწორედ ეს იყო ჩემი ინსპირაცია. ჩემი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ საქართველოს ბაზარი გამემრავალფეროვნებინა.

- ამის ამბიციას რა გაძლევდათ?

- ამბიციას სწორედ ის ფაქტი გვაძლევს, რომ ვართ მწვანე კონცეფციის წარმომადგენლები და ინსპირაციაც სწორედ აქედან მოდის. დღესდღეობით, მწვანე ბიზნესები ვითარდება სამშენებლო პროექტების მეშვეობიოთაც. დიდი ყურადღება ექცევა გარემოსა და მის დაცვას. ენერგოეფექტურობა მხოლოდ მცირე ნაწილია ამ ბიზნესში. ჩვენ შევფუთეთ ეს ბიზნესი, როგორც მწვანე, რადგან გარემო დროსთან ერთად უფრო ზიანდება. ინდუსტრიალიზაციაც ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია და ვფიქრობ, რომ გარემოს ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა აქცევდეს ყურადღებას, რადგან ვალდებულები ვართ ჩვენს მომავალ თაობასთან. მიმაჩნია, რომ ყველა ბიზნესი უნდა იყოს მწვანე და დროთა განმავლობაში "მწვანე ბიზნესს" უნდა ჩამოშორდეს სიტყვა მწვანე, რადგან ეს უნდა გახდეს ცხოვრების სტილი და წესი. ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება დავაზიანოთ დედამიწა.

- "სიდრის კლუბი ბაზალეთზე", რომელიც შექმენით ადამიანებისთვის, ჩვენთვის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ვაზიანებთ გარემოს, ამ გარემოთი რა გსურდათ გეჩვენებინათ?

- ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ როგორი უნდა იყოს ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია. ჩვენ შევეცადეთ აგვეგო სიდრის კლუბი ისეთ გარემოში, რომელიც არის ნულოვანი ემისიის, რაც ნიშნავს იმას, რომ გარემოზე ზემოქმდება საერთოდ არ აქვს. ჩვენი სიდრი იწარმოება მწვანე წესით. წარმოებაში ჩართულია განახლებადი ენერგია, ნარჩენების მართვა. იმის მიუხედავად რომ სიდრის წარმოება საქართველოში გამოწვევად შეიძლება ჩავთვალოთ, ასეთი ტიპის სიდრი, რომელიც მწვანე წესით იწარმოება ხდება საზოგადოებისთვის მისაბაძი და სასურველი. თავდაპირველად, მცირე ჯგუფებმა იცოდნენ სიდრის შესახებ, თუმცა იზრდება ცნობადობა და ვითარდება ეს ბიზნესი. ექსპორტის მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენი სიდრი უკვე ბრიტანეთშია ფაქტობრივად, ვაშლის ქვეყნიდან სიდრის ქვეყანამდე გავედით. ორგანული წესით წარმოებულ ვაშლებს ვყიდულობთ. ფერმერებსაც ვაცნობთ მწვანე კონცეფციას.

- პრაქტიკამ მაინც რა აჩვენა, ჩანაფიქრები მოერგო გარემოს?

- ჩვენი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ ვითარდება და, ალბათ, დიდხანს განვითარდება. არა ვართ უკმაყოფილო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გარემოში ვცხოვრობთ და თანამედროვე ტექნოლოგიებს ვავითარებთ. კმაყოფილი ვართ მეც, ჩემი მეუღლეც და შვილებსაც მოსწონთ. ასე რომ, ინტერესთა კონფლიქტი არა გვაქვს.

- როგორც აღნიშნეთ, მზე დედამიწის მოსახლეობისთვის სხვა სამყაროს საჩუქარია და თქვენ მზის ენერგიას, ამ საჩუქარს, აქტიურად იყენებთ.

- კი, მზის ენერგიაზე მიყვარს საუბარი და ამ აზრამდეც მივედი, რომ ის მართლაც საჩუქარია. ჩვენი ვარსკვლავი ბევრ საჩუქარს გვიგზავნის, მათ შორის, ენერგიასაც, თანაც პოზიტიურს. ჩვენც აღვიჭურვეთ ამ საჩუქრის მისაღებად, დავახვედრეთ მრავალი ხელსაწყო-დანადგარი. აქ მზის ენერგიას ბევრ რამეში ვიყენებთ. სახლიც ისე ავაგეთ, რომ შიგ მზის სხივები მაქსიმალურად შესულიყო. გვაქვს მზის კოლექტორები, რომლებითაც ვიღებთ ცხელ წყალს, გვაქვს მზის ფოტოელემენტები. გვაქვს ისეთი შენობა, რომელიც თავისი არსებობით ნაკლებად აწუხებს გარემოს, მინიმალიზებულია დანახარჯი გათბობაზე, ელექტროენერგიაზე...

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმავე პრინციპებით ცხოვრობდეს, როგორითაც თქვენ?

- ველამ საკუთარ თავს უნდა დავუსახოთ ამოცანა, სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხები შედეგებზე. არ უნდა შეგვეშინდეს გაბედული ნაბიჯების გადადგმის.

- გარდა ამისა, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები დადგით...

- კლუბის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა.სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრიგანთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე დღეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას, ვისაც მათთვის დახმარების სურვილი  აქვს  შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.

მადლიერების დღესთან დაკავშირებით კი,  „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აუქციონზე ნებისმიერი ნივთი, ნახატი თუ სამკაული გაეტანათ, ასევე შეეძინათ სხვა სტუმრის მიერ წარდგენილი ნივთი. აუქციონზე 1200 ლარამდე შეგროვდა. თანხის ნაწილით უკვე მოხდა მათთვის საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდათ. თავის ოთხფეხა მეგობრებთან მოსულმა სტუმრებმა სპეციალური მენიუდან „დოგი ბეგებიც“ შეიძინეს, და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით გაუმასპინძლდნენ, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმარნენ იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება.