ბიზნესი
23/05/2023

"მზეთამზე" თონეებთან თანამშრომლობას და შოთის პურის ღვინის საფუარით გამოცხობას გეგმავს

"მზეთამზე" თონეებთან თანამშრომლობას, შოთის პურის ღვინის საფუარით გამოცხობას და  მის რეალიზაციას ადგილზევე გეგმავს.  ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პურის მწარმოებელი კომპანია „გემოვანის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა.

"დავიმეგობრეთ უბნის ერთ-ერთი თონე, სადაც მიმდინარეობს ღვინის საფუარის ტექნოლოგიის დანერგვა და იქ, უკვე თონის პური მაჭარზე დამზადებული საფუარით ცხვება. გვინდა, რომ სხვადასხვა უბნების მოსახლეობა „მზეთამზეს“ როგორც ქარხნული, ისე თონის პურით უფრო აქტიურად მარაგდებოდეს. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ თონეები დავიმეგობროთ და იქ ჩვენი ფქვილით, საფუარითა და ტექნოლოგიით ცხვებოდეს თონის პური. ამის ერთი მაგალითი უკვე გვაქვს. გარდა ამისა, თონეებში ვაპირებთ „მზეთამზეს“ ქარხნული წარმოების პურის შეტანასაც. ანუ, ჩვენ ამ „ფრანჩაიზულ“ თონეებს გამოვიყენებთ გაყიდვის წერტილებად და ვეცდებით, ჯერ დედაქალაქი დავფაროთ და შემდეგ, უკვე რეგიონებშიც შევიდეთ“, - განმარტა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია „გემოვანი“, რომელიც პურს წლებია „მზეთამზეს“ ბრენდით აწარმოებს, უკვე ასრულებს მუშაობას მაჭარზე დამზადებულ საფუარზე.

„მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოდან ვმუშაობთ მაჭარის საფუაზე და ახლა, უკვე ბოლო საფეხურზე ვართ. გავიარეთ საფუარის მომზადების სხვადასხვა ეტაპები და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. მათ შორის, მოვიარეთ პურის წარმოების კუთხით ლიდერი სახელმწიფოები- გერმანია, უნგრეთი და სხვა, და იქაც ვერ ვნახეთ რაიმე მსგავსი ტიპის საფუარი. ფაქტობრივად, ეს ჩვენი მიგნება და გამოგონებაა.

იცით, რომ აქამდეც ნატურალურ საფუარს, ე.წ დედას საფუარს ვიყენებდით, თუმცა, აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე სრულყოფილი, მარგებელი, სხვა ბაქტერიებისგან თავისუფალი ყოფილა ყურძნისგან მიღებული მაჭარის საფუარი, რომელზეც ბოლო თვეებია გადავედით. მაჭარს აქვს თვისება, რომ აბსოლუტურად ყველა ბაქტერიას კლავს, რაც არის გარშემო და რჩება მარტო თვითონ.

მაჭარის საფუარის დამზადების პროცესში ახალი ტექნოლოგიების დამატება არ მოგვიწია, უბრალოდ, პროცედურების და პროცესების დახვეწა დაგვჭირდა, ცოდნა დავნერგეთ. ფაქტობრივად, თავიდან გამოვიგონეთ ეს საფუარი, რადგან არც წყაროებში, არც ნარკვევებში მსგავსი ისტორიული ჩანაწერები არ მოიპოვება. ეს არის ახლადშექმნილი მიმდინარეობა, რომლის შემუშავებაც ქართული მონასტრების ბაზაზე მოხდა. შემთხვევით გადავაწყდით ადამიანს, რომელმაც მიატოვა თავისი საქმიანობა, მეპურეობა და 7 თვე გაატარა მონასტრეში, სადაც ისწავლა ეს ტექნოლოგია და ის ადამიანი, დღეს, ჩვენი მთავარი ტექნოლოგია“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისი თქმით, მაჭარის საფუარმა „მზეთამზეს“ პურის გემოვნური თვისებებიც შეცვალა.  „ბაზრისთვის მიუღებელი რაც იყო იმ ძველ ტექნოლოგიაში, ცოტა მომჟავო გემო, ღვინის საფუარმა ეს საერთოდ გააქრო. მომჟავო გემო „მზეთამზეს“ პურს აღარ აქვს. თუმცა, ამ ახალ საფუარს პურის ფასზე არ უმოქმედია და ის ისევ იმდენი ღირს, რაც მანამდე“, - განმარტა პურის მწარმოებელი კომპანია „გემოვანის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „მზეთამზეს” პური მზადდება უძველესი ტექნოლოგიით - ქართული ხორბლის ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით, ქიმიური დანამატების გარეშე. „გემოვანი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად აწარმოებს პურს.

 

Businesspartner