მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი: 2 კვირაში ზეთი 10%-ით გაიაფდება
მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაახლოებით 2 კვირაში მზესუმზირის ზეთის ფასი 10%-ით შემცირდება.
ამის მიზეზად ციხისთავი რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპოტო გადასახადის შემცირებას ასახელებს. მისი ინფორმაცით, 1-ლი ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაზარდა, 1 ივლისიდან კი 10%-ით შეამცირა.
„ამ ეტაპზე დახლზე ზეთი ძველი ფასით იყიდება, თუმცა, როგორც კი ახალ შესყიდვას განვახორციელებთ, ცვლილება ფასში აუცილებლად მოხდება. აქამდე რუსეთში 1 ლიტრი მზესუმზირის ფასი 2 აშშ დოლარი იყო, ივლისის თვის დასაწყისიდან 1.75 დოლარამდე შემცირდა“ - აცხადებს ციხისთავი.
"ალფა" ზეთის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. მისი ინფორმაციით, 1 ბოთლი (1 ლიტრი) ზეთის ფასი ამჟამად საშუალოდ 7 ლარია, დაახლოებით 2 კვირაში კი ზეთის ფასი დაახლოებით 60 თეთრით შემცირდება.
შეგახსენებთ, რუსეთმა ომის შედეგად ზეთზე საექსპორტო გადასახადი რამდენჯერმე გაზარდა, რომლის ასახვაც ქართულ რითეილ სექტორში მყისიერად ხდება.
მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 2 კვარტალში (იანვარი-ივნისი) მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის 2 კვარტალში ქვეყანაში 1.168 მლნ ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 1.5 მლნ აშშ დოლარი.
2022 წლის 2 კვარტალში კი 683,86 ტონა ზეთი შემოვიდა, რომელიც 881 000 აშშ დოლარის ღირებულების იყო.