ბიზნესი
04/05/2022

მზესუმზირის ზეთი კიდევ ძვირდება - რუსეთი საექსპორტო გადასახადს ისევ ზრდის

საქართველოში მზესუმზირის ზეთი ახლო მომავალში კიდევ ერთხელ გაძვირდება, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი ფასის ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებდა. Interfax.ru-ს ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაიზრდება.

როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთის ეს გადაწყვეტილება და იგეგმება თუ არა პროდუქტზე ფასის ცვლილება ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი საუბრობს.

"ალფა"  ზეთის იმპორტს  რუსეთიდან ახორციელებს. მისი ინფორმაციით, 1 ბოთლი (1 ლიტრი) ზეთის ფასი დაახლოებით 1 კვირაში 40-50 თეთრით ისევ გაძვირდება და 7.80 ლარი გახდება.

„1 მაისს რუსეთმა გაზარდა საექსპორტო გადასახადი, რომელიც ჯერ ფასში არ აგვისახავს. რამდენიმე დღის წინ გაძვირებული ფასით შესყიდული პროდუქცია გზაშია, დაახლოებით 1 კვირაში კი ის დახლებზე შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება. 

რაც შეეხება 1 ივნისიდან საექსპორტო გადასახადის კიდევ ზრდას, ამაზე ახალი კალკულაცია ჯერ არ გაგვიკეთებია. დავაკვირდებით რა ფასი ექნება ზეთს მსოფლიო ბაზარზე და ამის შედეგად ვიმოქმედებთ,“ - აცხადებს ციხისთავი.

კითხვაზე, ხომ არ მუშაობს კომპანია რუსეთის  ალტერნატირული ბაზრით ჩანაცვლებაზე, ციხისთავი განმარტავს, რომ ეს პრაქტიკულად ვერ მოხდება, რადგან მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის წარმოების 60-70% რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.

რუსეთმა ომის შედეგად ზეთზე საექსპორტო გადასახადი რამდენჯერმე გაზარდა, რომლის ასახვაც ქართულ რითეილ სექტორში მყისიერად ხდება. როგორც ციხისთავი აცხადებს, შექმნილ სიტუაციაში და მოსახლეობის მსყიდველუნარიაობის გათვალისწნებით, ზეთის რეალიზაცია მცირდება.

შეგახსენებთ, მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მარტში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის მარტში ქვეყანაში 3 313 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 4.6 მლნ დოლარი, აქედან უმეტესი წილი (4 მლნ დოლარი) რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში უმსხვილესი იმპორტიორი აზერბიაჯანი გახდა, საიდანაც ქვეყანაში 271 ტონა ზეთი შემოვიდა. სულ ქვეყანაში მარტში 821 000 დოლარის (511 ტონა) ზეთია იმპორტირებული.