ბიზნესი
14/12/2021

MyWay Airlines: ფრენების განახლებას შევძლებთ, სასამართლომ შუამდგომლობა დაააკმაყოფილა

 
MyWay Airlines-ი ფრენების განახლების შესახებ იტყობინება. კომპანია გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ სასამართლომ Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ამკრძალავი აქტის მოქმედება შეჩერებულია.
 
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც MyWay Airlines-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა.
 
"ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
 
მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. ავიაკომპანია MyWay Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 2021 წლის 9 დეკემბერს შეიტანა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა MyWay Airlines-ის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა", - განმარტებულია კომპანიის განცხადებაში.
 
MyWay Airlines არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა-გადაყვანის ოპერაციებს. კომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. ავიაკომპანიის ავიაპარკი ბოინგ 737-800 ტიპის ორი სამგზავრო და ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავით არის წარმოდგენილი.
Businesspartner